მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორსაც უნდა შევუქმნათ კომფორტი" - თურნავა ენერგეტიკაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

5ce16fd0708f6
თელარა გელანტია
19.05.19 21:00
978
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკის გაძლიერება არ აწყობს მტერს.

ამის შესახებ მინისტრმა BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც დარგშია, მათ შორის საზოგადოებაში ჰესების მიმართ არსებული განწყობების მომართულებით.

„ენერგეტიკის განვითარება არის ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება კი არის ჩვენი სუვერენული ინტერესი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის სასარგებლოდ... ენერგეტიკის გაძლიერება არ აწყობს მტერს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი ხედვა თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს წინააღმდეგობა“, - განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, იგეგმება უფრო მწყობრი კომუნიკაციის სისტემის შეთავაზება როგორც - მოსახლეობისთვის, ისე - ინვესტორისთვის.

„დავნერგავთ შეთანხმებების პრაქტიკას; მსგავსი პრაქტიკა მუშაობს კონკრეტულ პროექტებში; სადღაც უკეთ მუშაობს, სადღაც - ნაკლებად, მაგრამ ვიმუშავებთ რომ ეს გამოსწორდეს. ეს იმას ნიშნავს რომ ყველა მხარემ იგრძნოს პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა თურნავამ და დასძინა, რომ ვადების მიმართ მთავრობა მომთხოვნი იქნება.

„ჩვენ ყველგან ვეცდებით, მაქსიმალურ კონსესუსს მივაღწიოთ, მაგრამ ვადების მიმართ ვიქნებით ძალიან მომთხოვნი. არ შეიძლება, დაუსრულებლად გაგრძელდეს მით უფრო მცირე ობიექტზე, კომუნიკაცია. ყოველთვის პროდუქტით უნდა დასრულდეს ეს, მაგრამ ისევ ჩვენს ხელთ არის, დავანახოთ მოსახლეობას, რომ ამით ხელისუფლება კონკრეტულ ინვესტორს კი არ იცავს, თუმცა არც იმაში ვხედავ რაიმე ცუდს, რომ დავიცვათ ინვესტორები, ისინი უნდა დავიცვათ იქ, სადაც დასაცველები არიან, მაგრამ პირველ რიგში, ვიცავთ იმ კონკრეტული მოსახლეობის ინტერესებს, მათ დასაქმებას, მათ სამუშაო ადგილებს, იმიტომ რომ მაგალითად, ძალიან ხშირად სადაც ვითარდება ტურიზმი, იმ რეგიონებში მცირე სასტუმროებს სჭირდებათ დამატებითი ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, ხარისხიანი, 24-საათიანი ელექტრომომარაგება და აი, ეს სიკეთე მოაქვს მცირე ჰესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავანახოთ მოსახლეობას, რომ ისევ მათი ინტერესია ეს და რასაკვირველია, უნდა ვეცადოთ, რომ ინვესტორი ჩვენ წამოგვყვეს ამ მოთხოვნებში, მაგრამ ინვესტორსაც უნდა შევუქმნათ კომფორტი; როდესაც ინვესტორს ვაძლევთ უფლებას ობიექტის განვითარების, როდესაც ყველა კანონის მოთხოვნის დაცვით ვაძლევთ მშენებლობის უფლებას, რა თქმა უნდა, გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ პროექტი განსაზღვრულ ვადებში შესრულდეს, რადგან ინვესტორსაც თავისი ვადები აქვს, ეს იქნება ჩვენი როლი“, - განაცხადა მინისტრმა.