მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი: პანკისის მოსახლეობას პრეტენზია არ ჰქონდა, სანამ არასამთავრობოები არ გამოჩნდნენ

5cbd992abdf56
ლევან თაღიაშვილი
22.04.19 15:00
2360

კომპანია "ფერის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, რომ სანამ პანკისში ცნობილი სახეები არ გამოჩნდებოდნენ, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰესების აშენების წინააღმდეგები არიან, ადგილობრივებს არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ.


მისივე თქმით, "ხადორი 3"-ს ყველა შესაბამისი ნებართვა აღებული აქვს და 2016 წლის შემდეგ საჯარო განხილვებიც ჩატარებულია.

"ჰესმა გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა, ჩატარდა შესაბამისი განხილვები, მივიღეთ შენიშვნები გარემოს დაცვის სამინისტროსგან. ეს არის პროცედურა, რომელიც ყოველთვის წინ უსწრებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ჩვენ 2018 წლის დასაწყისისთვის დავიწყეთ ჰესის მშენებლობა; როდესაც დავიწყეთ მილების შეტანა არანაირი პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა, ვიდრე არ გამოჩნდენ ის ცნობილი სახეები, რომლებიც ყოველთვის ყველა ჰიდროელექტროსადგურის შენების დროს ჩნდებიან, იქნება ეს ხუდონი თუ სხვა. ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც დაიწყეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და საკმაოდ სერიოზული პროტესტიც გამოიწვიეს", - განაცხადა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ პროტესტის შემდეგ მშენებლობა 13 თვით შეჩერდა და ამ ხნის განმავლობაში ინვესტორი კომპანია მოსახლეობასთან აქტიურად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები - შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდეს. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.