მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფორმირებული მოსახლეობის 62% ფიქრობს, რომ ხაზარაძის გათავისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულია

5ce3a9def0797
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.19 11:26
830
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ანაკლიის პორტისა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მოსახლეობის განწყობებს ასახავს. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 68%-მა იცის, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. 

მათგან, ვინც ამ მოვლენის შესახებ არის ინფორმირებული, 62% ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება - თიბისის ბორდიდან მათი გათავისუფლების შესახებ პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც მოიცავს ინფორმაციას. კვლევის მიხედვით, ამ პროექტის შესახებ მოსახლეობის 76%-ს სმენია, ხოლო მათგან, ვისაც ამ პროექტის შესახებ სმენია, 85% ფიქრობს, რომ ახალი პორტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება. 

დღეს აღნიშნული პროექტისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა, რადგან ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხევდრა გაიმართება.

შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილება.

შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს პირველი პირები და ოთხი დიდი საერთაშორისო ინსტიტუტი - EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ ეს ის წამყვანი ბანკებია, რომელთაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 400 მლნ დოლარით უნდა დააფინანსონ.

NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2,927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, ცალკეულ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).