მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei Android-ის ლიცენზიის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

5ce2dfb8f3015
BM.GE
20.05.19 22:10
3342
Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა - გადაწყვეტილება Google-ის დედა-კომპანია Alphabet-ში მიიღეს. თავად Huawei მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. 

შეჩერების მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია გახდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ტექნოლოგიური საფრთხეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

"გვინდა გაცნობოთ, რომ Google-ის ქმედებებთან დაკავშირებით, განგაშის საფუძველი არ არსებობს და ჩვენს მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ. HUAWEI-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Android სისტემის ზრდა-განვითარებაში მსოფლიო მასშტაბით.

როგორც Android-ის ერთ-ერთი მთავარი გლობალური პარტნიორი, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მათ ღია პლატფორმასთან, რათა შეგვექმნა უკეთესი სისტემა, როგორც მომხმარებლების ისე ინდუსტრიის სასარგებლოდ.

კომპანია HUAWEI გააგრძელებს სისტემის უსაფრთხოების განახლებებს და გაყიდვების შემდგომ სერვისებს ჰუავეის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც უკვე გაიყიდა ან/და წარმოადგენს გასაყიდ მარაგს.

ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი და უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მშენებლობას, რათა უზრუნველვყოთ მომხმარებელთათვის საუკეთესო მომსახურება. რაც შეეხება Google-ის სერვისებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ანდროიდის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც თან ერთვის პოსტს,"- წერია კომპანიის განცხადებაში.

Google-ის გადაწყვეტილებით, Huawei-ის Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP) კავშირი შეუჩერდება, ხოლო ჩინური კომპანიის ახალ სმარტფონებს Google-ის მაღაზიაზე - Google Play Store-ზე წვდომა საერთოდ აღარ ექნებათ; ასევე შეუფერხდებათ კავშირი Gmail-თან. 

Huawei მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ჩინური საკომუნიკაციო კონცერნია. ამერიკული სადაზვერვო სამსახურები უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ კომპანია ჩინეთის სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურებს ჯაშუშურ საქმიანობაში ეხმარება. ტექნო გიგანტში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.