11.ივლისი .2019 22:02

„ჰუალინგ ჯგუფი" ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 41 000 ლარით დაჯარიმდა

views 806
უკან

„ჰუალინგ ჯგუფი", რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის (ჭანტურიას 12) ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, უკვე 41 000 ლარით არის დაჯარიმებული.

ამის შესახებ BM.GE-ის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 41 000 ლარი „ჰუალინგ ჯგუფს“ 2019 წლის 21 აპრილიდან დღემდე დაუგროვდა; ჯარიმის ოდენობა დღეში 500 ლარს შეადგენს. 


სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მშენებლობის ნებართვის აღებამდე პროექტის განხორციელებას კომპანია ვერ დაიწყებს.

 

რატომ გაჭიანურდა სასტუმროს მშენებლობა, ამ კითხვით 13 ივნისს BM.GE-მ „ჰუალინგის“ ერთ-ერთ აღმასრულებელ დირექტორს ნიკოლოზ გელენიძეს მიმართა. მაშინ გელენიძემ განმარტა, რომ სასტუმროს პროექტი მზად იყო, თუმცა მისი გადაკეთება ხდებოდა.

გელენიძე საუბრობდა იმაზეც, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდებოდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში კი განმარტავენ, რომ მშენებლობის ნებართვის აღებამდე პროექტის განხორციელებას კომპანია ვერ დაიწყებს.


„ეს არის ტექნიკური პრობლემა, რომელიც თავიდანვე გათვლილი არ იყო. რამდენჯერმე გვქონდა გამოცხადებული ტენდერი როგორც ესკიზზე, ასევე მის ვიზუალზე. აქ საუბარი იყო ამ შენობის ვარგისიანობაზე. კონსტრუქციული ექსპერტიზის დასკვნები ძალიან დიდ დროს დაიჭერდა, რადგან ამ შენობასთან სერიოზული პრობლემები იყო. 

იყო საუბარი იმაზეც, ეს შენობა დარჩენილიყო თუ არა, ამაზე იყო მოლაპარაკებები. ყოველივე ამან ჩამოწია უკან პროექტის მსვლელობა. მაგრამ დღეს პროექტი პრაქტიკულად მზად არის, უკვე ხდება მისი შეჯერება, არის ლაპარაკი კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა დენდროლოგიური პროექტი, ასევე 41-ე დადგენილებასთან შესაბამისობა (რომელიც სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს). ეს ნაწილი ცოტა პრობლემურია იმიტომ, რომ ოდნავ გვიან გამოვიდა, ვიდრე ჩვენ გვქონდა ნამუშევარი. სწორედ ამიტომ ახლა გვიწევს პროექტის დიდი ნაწილის გადაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სიტუაციას ჩამოვრჩით, აუცილებლად დავეწევით და გავაკეთებთ ერთ-ერთ ულამაზეს სასტუმროს“ - განაცხადა ნიკოლოზ გელენიძემ.

BM.GE „ჰუალინგ ჯგუფის“ სასტუმრო-პროექტთან დაკავშირებით ახალი დეტალების გარკვევას ცდილობს.

ცნობისთვის, ჭანტურიას 12-ში მდებარე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა, პროგრამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გაიყიდა. 

ინვესტორის ვალდებულება 2016 წლის პირველი იანვრიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება იყო. „ჰუალინგ ჯგუფს" სასტუმროს სამშენებლო ვადები 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა, ადგილზე კი სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა