21.ივლისი .2019 11:55

ღვინის ბაზრის დაზღვევაში მთავრობის დახმარება – კერძო სექტორის მოთხოვნა

views 728
უკან

ღვინის კომპანიების "ნათენაძის მარანისა" და „ვარძიის ტერასების“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ღვინის ბაზრის დაზღვევის მექანიმზმი უნდა ამოქმედდეს და ამისთვის კერძო სექტორს მთავრობა უნდა დაეხმაროს.

ამის შესახებ ნათენაძემ გადაცემაში "Forbes კვირა" ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების, მათ შორის რუსეთში გაყიდვების რისკებზე საუბრისას განაცხადა.

"როგორც ვიცი, ქართული ღვინის ბაზარი დაზღვეული არ არის. არსებობს სადაზღვევო მექანიზმები საერთაშორისო კომპანიებისა, რომლებიც ბიზნესის დაზღვევაზე მუშაობენ. რუსეთს ავიღებთ, იაპონიას, თუ ჩინეთს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ბიზნესი იზღვევა და ამაში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად მონაწილეობს. ეს თუ შემოვა საქართველოში, ძალიან კარგი იქნება. ამის პრეცედენტი არსებობს", – განაცხადა ნათენაძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით დაზღვევის მომსახურება ძვირია, თუმცა მასში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს.

რაც შეეხება კონკრეტულად მის კომპანიებს, როგორც ნათენაძე აღნიშნავს, მისი წარმოებული ღვინის ბაზარი დივერსიფიცირებულია და რუსეთისგან პერიოდულად მოსალოდნელი ემბარგო მას არ აწუხებს.

"ჩვენ რუსეთის ბაზარზე ორიენტირებულები არ ვართ და ეს ჩვენი თავის ტკივილი არ არის. ჩვენი კომპანია მცირე რაოდენობით აწარმოებს ღვინოს და მსოფლიოს ისეთ ქვეყნებზე მუშაობს, როგორიც აშშ, გერმანია, დანია, შვეიცარია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი. რაოდენობები არ გვყოფნის, რომ ყოველწლიურად მივაწოდოთ მოთხოვნის შესაბამისად. ვაწარმოებთ ათასობით ბოთლს და არა – ათიათასობით, თუმცა ვცდილობ ამ ბაზრებზე დივერსიფიკაცია გავაკეთო, ასევე ვცდილობთ, თითოეულ ბაზარზე თავად გავაკეთოთ რეკლამა და პოპულარიზაცია", – განაცხადა ნათენაძემ.

გარდა ამისა, მან გასული ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ჯერ ქართული ღვინის დაწუნების შესახებ, შემდეგ კი მოსალოდნელი ემბარგოს შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, 2006–2007 წლების ემბარგოებს თუ გავიხსენებთ, ეს იყო ძალიან კარგი გაკვეთილი მაშინვე, რომ დიდ ქართულ კომპანიებს ჰქონოდათ გაუმჯობესებული საგარეო პოლიტიკა ღვინის მიმართულებით.

დღეს ეს ემბარგო რომ მომხდარიყო, ფაქტიურად შეიძლება მოხდა კიდეც, განცხადების დონეზე აიკრძალა და შეიქმნა სერიოზული პანიკა ქვეყანაში, როგორც გლეხებში, რომლებიც ყურძენს ყიდიან, ასევე – მწარმოებლებში... მათ უნდა ჰქონდეთ შემუშავებული პოლიტიკა და მათი გაყიდვების ძირითადი ნაწილი რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, ეს არის პირველი მიზანი, რომელიც უნდა იყოს თითოეული კომპანიის საექსპორტო მიმართულებით გათვალისწინებული", – მიიჩნევს გიორგი ნათენაძე.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა