16.თებერვალი .2016 18:18

გიორგი კვირიკაშვილი: ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საგადასახადო რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას

views 1147
უკან

ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმები დადებითად შეფასდა და, თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმისას, ბიზნესსექტორის ჩართულობა იქნება მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი განმარტებით, ბიზნესმენებთან შეხვედრები გაგრძელდება. უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება მცირე და მიკრობიზნესის წარმომადგენლებთან.

"ძალიან დადებითად შეფასდა საგადასახადო რეფორმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და გადაგზავნილია პარლამენტში. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რასაც გავითვალისწინებთ. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, მოგვიანებით ამოქმედების ვადებზე ვიფიქროთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში საკითხების განხილვის ვადები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ თემაზე საუბარი იქნება როგორც იუსტიციის სამინისტროსთან, ისე სასამართლოსთან.

"ვისაუბრეთ ადმინისტრირების დაჩქარების საკითხებზე, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე. ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის ქვედანაყოფს ადმინისტრაციაში და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში სერიოზულ ცვლილებებს მოვიტანთ“, - აღნიშნა პრემიერმა.