მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჯახუტაშვილი: 2 წელში გასაკეთებელი საქმე იწელება 5-6 წელი

5cc0a0dba8b0d
BM.GE
25.04.19 10:20
7897
ძველ თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო Holiday Inn Express-ის მშენებლობა შეჩერებულია. 125-ნომრიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 32 მილიონი ლარია. სასტუმრო მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის აგვისტოში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ინვესტიციის შეჩერების მიზეზი სასამართლო დავაა, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება.

სასტუმროს პროექტს კომპანია „სიმეტრია“ ახორციელებს, სადაც აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა მერიისგან ყველა წესის დაცვით მიიღეს.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ჯახუტაშვილი bm.ge-თან აცხადებს, რომ გაჭიანურებული სასამართლო დავები ბიზნესს და ზოგადად საქართველოს საინვესტიციო გარემოს აზარალებს.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა მოამზადა ტურიზმის სექტორისთვის 220 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტები, რისთვისაც დაფინანსებაც მოპოვებული გვაქვს, თუმცა, უკიდურესად გაჭიანურებულია მისი განხორციელება. ჩვენს გუნდს აქვს იმის საშუალება, რომ მოიზიდოს დიდი ფულადი რესურსი, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ 2 წელში გასაკეთებელი საქმე იწელება 5-6 წელი, რაშიც თანაბრად ხელისშემშლელია სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება“, - აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოზიციონირებულია, როგორც საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემო, პროექტების განხორციელება ძალიან რთულია.
„ეს იქიდან არის გამოწვეული, რომ არ არსებობს თანხმობა მნიშვნელოვან საკითხებზე. განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის, თავდაცვისთვის და სხვა საჭიროებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარება, რაც წარმოუდგენელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ფული, რომელიც არ გვაქვს და ჩვენ უნდა დავაინტერესოთ, უნდა გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ეს რესურსი.

ჩვენი და დარწმუნებული ვარ, მთლიანი ბიზნესსექტორის მოთხოვნა არის მარტივი, რომ კანონი უნდა კანონობდეს. უნდა არსებობდეს დადგენილი წესები და ამ წესებით უნდა სარგებლობდეს ყველა თანაბრად. ჩვენ არ ვითხოვთ ფავორიტიზმს, ჩვენ არ ვითხოვთ კანონის მორგებას, გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო“,- აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.