21.ივლისი .2019 17:05

გიორგი ეზუგბაია: რუსეთის ბაზარი ღვინის მსხვილი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია

views 668
უკან

მეღვინეობებისა და მწარმოებელი კომპანიების სტრატეგიული დაგეგმარებისა და განვითარების საკონსულტაციო "აქტო ჯგუფის" გენერალური დირექტორის გიორგი ეზუგბაიას აზრით, რუსული ბაზარი განსაკუთრებით ღვინის ინდუსტრიის მსხვილი მწარმოებლებისთვის არის მნიშვნელოვანი.

"2019 წლის პირველ ნახევარში 40 მლნ ბოთლზე მეტის რეალიზაცია მოხდა და აქედან 65% რუსეთის ფედერაციის ბაზარზე განხორციელდა. აქ ორი დამატებითი რიცხვი მინდა ვთქვა – ექსპორტი 229 კომპანიამ, 44–ზე მეტ ქვეყანაში განახორციელა და წილობრივად რომ ვთქვათ, ერთ ქვეყანაში მთლიანი საექსპორტო მოცულობის 65% განხორციელდა.

ამ შემთხვევაში, ინდუსტრიის მსხვილი მწარმოებლებისთვის არის მნიშვნელოვანი რუსული ბაზარი. სხვა მწარმოებლებისთვის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ნაკლებად არის. იმის თქმა, რომ რუსეთის ბაზარი ნაკლებმნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა მცდარია. ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული ღვინის, ბორჯომისა და მინერალური წყლებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოს საექსპორტო ეკონომიკისთვის. როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ეკონომიკისთვის საინტერესო ბაზარია რუსეთი", – განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ "Forbes კვირასთან" საუბრისას.

ამასთან, მან იმ საექსპორტო ბაზრებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა მიმართულებით ქართული ღვინის გაყიდვების დივერსიფიცირება უნდა მოხდეს.

"დღეს დივერსიფიცირების შესაძლებლობა შეიძლება შემდეგ ნაწილებად გავყოთ – ეს არის დსთ–ის ქვეყნები, აზიის ბაზარი, სადაც დღეს ძალიან კარგი მაგალითია ჩინეთის სახით და კიდევ უფრო კარგი მაგალითი – ევროპაში, პოლონეთის სახით. პოლონეთი ბოლო წლების განმავლობაში იყო ხუთეულში, როგორც საქართველოდან ღვინის საექსპორტო ბაზარი, 2019 წელს კი ყახაზეთს გადაასწრო და არის ოთხეულში, ანუ პოლონეთის ბაზარზე ზრდა სტაბილურად 20%–ზე მეტია.

დამკვიდრებისთვის, ცნობადობის ამაღლებისთვის, ბრენდის პოპულარიზაციისთვის დრო გვჭირდება, ძალიან დიდი მოცულობის მარკეტინგულ ძალისხმევას საჭიროებენ პირველ რიგში მსხვილი კომპანიები, რომ ავითვისოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრები. ჩვენ დღეს ტოპ–3 ღვინის იმპორტიორ ქვეყანასთან ფაქტობრივად არ ვთანამშრომლობთ, ეს არის აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი, სადაც ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს", – განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა