მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩოგოვაძე: თუ ბათუმში ახალი აეროპორტის აშენება საჭირო გახდება, ავაშენებთ

5d0a511044e3c
მარიამ ადამია
19.06.19 19:35
955
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10-წლიან განვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აჩვენებს, თუ როგორი ზრდის ტენდენცია შეიძლება ვივარაუდოთ ბათუმში, როგორია დღევანდელი მდგომარეობა მგზავრების გამტარუნარიანობის მიხედვით და რა პრობლემების წინაშეა დღეს აეროპორტი“, - ასე უპასუხა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ „საქმიან დილაში“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბათუმში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას შეეხებოდა.

„კვლევის შედეგად გამოჩნდება როგორი პოტენციალი გააჩნია და რა პრობლემები აქვს აეროპორტს. ასევე გვეცოდინება, თუ როდის დადგება ის დრო, როდესაც ბათუმის აეროპორტი ვეღარ შეძლებს მგზავრების გატარებას. რეალურად, დღეს ბათუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურა საკმაოდ შეზღუდულია; მას ადგილობრივი ლოკაციიდან გამომდინარე ერთი მხრიდან აქვს მოფრენისა და აფრენის კურსი, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გაზრდილი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, დადგეს ახალი აეროპორტის დამატების საჭიროება, თუმცა ეს არ მოხდება ერთ დღეში“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

მისივე განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები დაახლოებით, თვენახევარში გახდება ცნობილი და დაიდება სრული დასკვნა, თუ როგორ უნდა განვითარდეს აეროპორტი, ხოლო თუკი გამოიკვეთება ახალი აეროპორტის საჭიროება, ამ შემთხვევაში დაიწყება მოლაპარაკებები და შეირჩევა ლოკაციაც.

ცნობისთვის: რამდენიმე კვირის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ გადაწყდება, მოხდება ბათუმის აეროპორტის გაფართოება თუ აშენდება ახალი აეროპორტი.

თავის მხრივ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში „ტავ ჯორჯიამ“ BMG-ისთან განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა და ბათუმის ეროპორტში გაფართოების სამუშაოებს წელს ოქტომბრიდან დაიწყებენ.