მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩოგოვაძე: დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის პრივატიზაციაზე საუბარი არ არის

5d0a5bc2ed02b
მარიამ ადამია
20.06.19 09:50
817
„თუკი გამოჩნდება დაინტერესებული ინვესტორი, რომელსაც სურს ქუთაისის აეროპორტის მართვა, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ტიპის საუბრებისთვის“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადაცემა „საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ დღესდღეობით, ქუთაისის აეროპორტის პრივატიზაციაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა - ზოგადად, მართვის რომელი მოდელია უფრო ეფექტიანი: როცა აეროპორტს სახელმწიფო მართავს, თუ როცა მართვა კერძო ოპერატორის ხელშია;

„მსოფლიოში ორივე მოდელია გავრცელებული; არიან აეროპორტები, რომლებიც სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არიან და ბევრია შემთხვევა, როდესაც სრულად პრივატიზირებულია; ასე რომ, ზოგადად ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე, კერძო სექტორი უფრო კარგად მართავს თუ სახელმწიფო, ამას ვერ გეტყვით, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში, დავიწყებთ საუბრებს კერძო კომპანიასთან,“ - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

მან ასევე ისაუბრა IATA-ზეც, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზრის სექტორულ ანალიზს მოამზადებს;

„ეს იქნება 4-5 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ავიაციის მნიშვნელობას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს; კვლევის მიხედვით, შეფასდება ქვეყნის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, საავიაციო ბაზარზე დაშვების და ქვეყნის სავიზო პოლიტიკა, მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენციები, კონკურენტუნარიანობა და ტარიფები, საჰაერო ტრანსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, დარგში დასაქმებული სპეციალისტების რაოდენობა და სხვა პარამეტრები“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა.