მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიქოვანი: ჰესების მშენებლობის დემონიზაცია სპეციალურად ხდება

5cbde82be4bf6
ლიკა გურაბანიძე
22.04.19 20:20
1150
„ხადორი 3“ ცალკე აღებული პრობლემა არ არის. ეს არის მცირე ჰესი და ღიმილის მომგვრელია ის, როდესაც საუბრობენ, რომ ეს ხეობის დაცლას და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაციაა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა, როგორც პანკისში ისე სრულიად საქართველოში და მოსახლეობას ინფორმაცია არასწორად მიეწოდება. ჰესების მშენებლობის დემონიზაცია სპეციალურად ხდება; ყველამ მეტი უნდა იმუშაოს ამ კუთხით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ინვესტორმა ან სახელმწიფომ ხეობაში კომუნიკაცია მიზანმიმართულად დააკლო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ არის და ვფიქრობთ, შევიმუშაოთ სტრატეგია, მომავალში მოსახლეობასთან კომუნიკაცია როგორ უნდა მოხდეს. გვინდა, რომ მოსახლეობას გავაგებინოთ, რატომ არის საჭირო ჰესების მშენებლობა, რომ ეს არ არის რამდენიმე ადამიანის ბიზნეს-ინტერესი და ეს ყველაფერი ემსახურება ენერგეტიკის განვითარებას და ჩენი ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტი - შსს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს.