მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგი გიგიაძე: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება უახლოეს მომავალში სრულფასოვნად ამოქმედდება

5714bea884a36
BM.GE
18.04.16 14:56
2642
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20-21 აპრილს განიხილავს. როგორ მიმდინარეობს პროცესი და რას უნდა ველოდოთ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შემდეგ, - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილე გიგი გიგიძე საუბრობს.
 
- ბატონო გიგი, საქართველოს რა მოლოდინები აქვს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან და 20-21 აპრილს გასამართ შეხვედრებთან დაკავშირებით?

- 21 აპრილს საქართველოს საკითხის პირველი განხილვაა დაგეგმილი. ეს არის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხს პირველად განიხილავს. ამის პარალელურად, ასევე პროცესი ევროკავშირის საბჭოს ფარგლებშიც გრძელდება და  მიმდინარეობს საკითხზე მსჯელობა უკვე წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ. შეხვედრა შემდეგი თვის დასაწყისშია დაგეგმილი, დაახლოებით 11 მაისისთვის. ეს ორი პროცესი პარალელურად იმართება.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 21 აპრილს დაგეგმილი შეხვედრის დროს გარკვეული პროგრესის მიღწევა და ევროპარლამენტში გარკვეული აზრის კონსოლიდირება მოხდება. ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ორივე მიმართულებით ევროკავშირის პარლამენტშიც და საბჭოშიც თანმიმდევრულად განხორციელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც უკვე საფუძველი იქნება იმის, რომ ჩვენ დადებითი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მალე მივიღოთ.

- რატომ არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

- ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი პროცესია. საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ ევროინტეგრაციის კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა და სწორედ ვიზალიბერალიზაცია იქნება მომდევნო ყველაზე უფრო ხელშესახები, მკაფიოდ თვალსაჩინო შედეგი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე თავის თავზე იგრძნობს. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესო სწორედ რომ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის იქნება. პროცესის წარმატებით დასრულების ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რის შედეგადაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს საშუალება ექნება ევროპის წევრ სახელმწიფოებში თავისუფლად იმოგზაუროს და იმ ფასეულობებს ეზიაროს, რომელიც ქართველებისთვის ესოდენ ახლოა.

- NDI-ის ბოლო კვლევებმა გვიჩვენა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან მოლოდინები მოქალაქეებს ძალიან მაღალი აქვთ, თუმცა ამ კვლევაში ისიც ნათქვამია, რომ მათი საშუალო შემოსავალი დაახლოებით 400 ლარია. თუ ხედავთ თქვენ, რომ ერთის მხრივ ეს შესაძლებლობები და მეორეს მხრივ, ეს სიღარიბე გარკვეულწილად იმედგაცრუების საფუძველი გახდეს და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით თუ მუშაობს?

- მივესალმებით ასეთ კარგ შედეგს, რომელმაც აჩვენა, რომ ევროინტეგრაციის კურსს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა მხარს უჭერს. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულების მოლოდინი დიდია. ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს რომ ჩენი მოსახლეობის ზუსტი ინფორმირება მოახდინოს, თუ ამ თავისუფლებასთან ერთად რა ვალდებულებები ექნებათ მათ და რის გაკეთება იქნება აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ მათ ამ რეჟიმით სარგებლობა სურთ. აუცილებლად ყველა პირობა უნდა დაიცვან. არ ვიცი პირდაპირ როგორ კავშირში იქნება ეს ადამიანების ფინანსურ შესაძლებლობებთან, მაგრამ მათ, ვისაც საშუალება და სურვილი ექნებათ, რომ ევროპაში იმოგზაურონ, ისინი ამას გარკვეული პირობების დაცვით მოახერხებენ. ამის შესახებ ჩვენ პერმენტულად ვაწვდით ინფორმაციას ყველას. ჩვენს ვებგვერდზე ამომწურავი ინფორმაციაა განთავსებული ყველა იმ მოთხოვნების შესახებ, ასევე ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება რეგიონებშიც მოხდეს და თითოეულ მოქალაქეს ზუსტი მონაცემი ჰქონდეს იმის შესახებ, თუ ამისათვის რა იქნება აუცილებელი.

- ბიზნესისთვის გახსნილი შესაძლებლობები ახსენეთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებლის მიღებასაც დაეხმარება?

- ჩვენი აზრით, ეს ურთიერთშემავსებელი ორი პროცესია. თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედება 2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელიც თავისთავად სავიზო ლიბერალიზაციის არსებობის შემთხვევაში კიდევ უფრო კარგად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან ქართველი ბიზნესმენები ყველანაირი ბარიერების გარეშე, უფრო თავისუფლად და ხშირად შეძლებენ ჩავიდნენ ევროპაში და თავიანთ ევროპელ პარტნიორებთან კონტაქტი დაამყარონ. შესაბამისად, ეს ორი პროცესი ურთიერთ შემავსებელია. ჩვენ ამას ერთ მთლიან განზომილებად განვიხილავთ.

- პრემიერმა აღნიშნა, რომ ელჩები საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე უნდა ავრცელებდნენ ინფორმაციას. ამ მიმართულებით რა ხდება და მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ ინვესტორებთან საუბარი და მოზიდვა უფრო ადვილია?

- დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ასოცირების შეთანხმება უახლოეს მომავალში სრულფასოვნად ამოქმედდება. გარკვეული პროცედურებია დარჩენილი, რათა ეს ხელშეკრულება სრულფასოვნად შევიდეს ძალაში. მიუხედავად ამის, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი უკვე ძალაშია და ჩვენს მეწარმეებს, ბიზნესმენებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება აქვს ამ შეღავათებით ისარგებლოს. საქართველო რეგიონში უნიკალური ხდება. მხოლოდ საქართველოს გააჩნია აღნიშნული შეთანხმება მისი ეკონომიკური ნაწილით და შესაბამისად, საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება, რათა მათ ინვესტირება განახორციელონ და საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ ბაზარს შესთავაზონ.

- ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები შესაძლებლობას ეძებენ, რათა თავიანთი წარმოება საქართველოში გადმოიტანონ, რადგან ეს მათ შესაძლებლობას მისცემს DCFTA-ის შეღავათებით ისარგებლონ. რამდენად ადვილია მესამე მხარისთვის ამ შეღავათით სარგებლობა?

- ადვილი ხდება და საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება. იმიტომ, რომ რეგიონში ევროკავშირთან ეს ურთიერთობის რეჟიმი მხოლოდ საქართველოს აქვს. შესაბამისად, არა მარტო ჩინეთიდან, არამედ ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან ძალიან დიდი ინტერესი იქნება საქართველოსადმი, რათა პროდუქციის წარმოება სწორედ საქართველოში მოხდეს და საქართველოდან უკვე ექსპორტი ევროკავშირში.