მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგა ბედინეიშვილი: "თურქეთში ქარი რომ დაუბერავს, ლარს არ უნდა აცემინებდეს"

5ce3fc26c6315
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 17:22
3506
„თურქეთში ქარი რომ დაუბერავს, ლარს არ უნდა აცემინებდეს“, - ამის შესახებ BM.GE-ის ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა გაუფასურების მიმართულებით ლარის კურსის რყევების კომენტირებისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ეროვნული ვალუტის რყევები საგარეო ფაქტორებით, მათ შორის თურქეთის ფაქტორით ახსნა.

ცნობისთვის: ლარი დღესაც გაუფასურდა - სებ-ის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ხვალიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.76 ლარი იქნება.

ფინანსთა მინისტრისგან განსხვავებით, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, ლარის გაუფასურება თურქულ ლირას არ უნდა დავუკავშიროთ.

„ლირა დასტაბილურდა, ამიტომ ახლა ლარის გაუფასურება თურქეთის ფაქტორით ვერ აიხსნება. ის, რომ ლარის გაუფასურება ლირის ბრალია, ამ არგუმენტს წონა არ აქვს; თურქეთში ქარი რომ დაუბერავს, ლარს არ უნდა აცემინებდეს. ყველა ეკონომიკურად დადებითი ფაქტორის მიუხედავად, მაინც შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს,“ - განმარტა ფინანსისტმა.

ამასთან, როგორც გიგა ბედინეიშვილი აღნიშნავს, მთავრობა ეკონომიკაში ნაკლებად უნდა ერეოდეს.

„მთავრობამ რაც შეიძლება ნაკლები რეგულაციები უნდა მოგვახვიოს თავზე, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა დაგვავალდებულოს ლარიზაციის ინიციატივებით, სებ-ი და მთავრობა ბანკებსა და მსესხებლებს შორის ურთიერთობებში ნაკლებად უნდა ჩაერიოს, რადგან რაც უფრო მეტად ჩაერევა, მით უფრო ნაკლებად მოქნილი ეკონომიკა და სუსტი ლარის კურსი გვექნება“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.