13.აგვისტო .2019 17:15

გაზრდილი რადიაცია და პანიკა მოსახლეობაში - რა ხდება რუსეთის ქალაქში?

views 5036
უკან

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში 5 დღის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ რადიაციის დონე მკვეთრად გაიზარდა - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის, რადიაციის დონემ ატმოსფეროში დაახლოებით, 16-ჯერ მოიმატა. ამასთან, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpeace-ი  ირწმუნება, რომ რადიაცია ინციდენტის შემდეგ 20-ჯერ არის გაზრდილი. გავრცელებულმა  ამბავმა მოსახლოებაში ერთგვარი პანიკა გამოიწვია; არხანგელსკისა და სევეროდვინსკის აფთიაქებში იოდის მარაგები სრულიად ამოიწურა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ოფიციალურ მოსკოვში აცხადებენ, რომ რადიაციის დონე უცვლელია.


შეგახსენებთ, 8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის ოლქში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის - ექსპერიმენტული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, თეთრ ზღვაში 5 მეცნიერის დაღუპვის მიზეზი მცირე ზომის ბირთვული რეაქტორის აფეთქება გახდა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელობამ გაავრცელა.




მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტრაგედია არა - ხმელეთზე, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, არამედ თეთრი ზღვის აკვატორიაში მოხდა, სადაც ახალი იარაღის ცდებისთვის მზადება გასული წლიდან მიმდინარეობდა.


ცნობისთვის:  რუსეთის ყველაზე მასშტაბური სამხედრო-საზღვაო კატასტროფა 2000 წელს დაფიქსირდა, მაშინ ბარენცის ზღვაში კურსკის ატომური წყალქვეშა ნავი აფეთქდა და ჩაიძირა, შემთხვევას ეკიპაჟის 118 წევრი შეეწირა.