მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე: არიან ექსპერტები, რომლებიც არასწორ განმარტებებს აკეთებენ

5cbdef1b301b9
ანუკა ჯოხაძე
22.04.19 23:00
745
“ვერ მივიღებ ვერცერთი ორგანიზაციისგან თუ ექსპერტისგან კრიტიკას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები არასწორად აფასებენ პროცესებს”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა პანკისის ხეობაში „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის დაწყებისას შექმნილი ვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პანკისში განვითარებულ მოვლენებს კიდევ უფრო ამწვავებს “გარკვეული ძალების” არასწორი ჩართულობა.

თანდილაშვილის განმარტებით, ეს ძალები არიან ის ექსპერტები და ორგანიზაციები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, ჰესის მშენებლობის თაობაზე ის თავად შეხვდა პანკისის მოსახლეობას 2-ჯერ, სადაც განხილულ საკითხთა შორის იყო გარემოზე ზემოქმედების თემაც.

“როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე შემდგომაც არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც - სამინისტროს, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. მე პირადად ორჯერ ვიყავი პანკისში ჩასული და მქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან. მათი მხრიდან დასმული იქნა სხვდასხვა საკითხები, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ დამატებითი კონსულტაციები და კომუნიკაცია კიდევ აუცილებელია, რაც გუშინდელმა პროცესებმაც აჩვენა და მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ძალები არიან არასწორად ჩართული ამ პროცესებში და ცდილობენ, გარკვეული საკითხების პროვოცირებას, თუმცა ხელისუფლების და ჩვენი მთავრობის ვალდებულებაა, რომ გავაგრძელოთ აქტიური კომუნიკაციები მოსახლეობასთან. ვფიქრობ, რომ არიან ადამიანები რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიან ჩვენს მოსახლეობას. მათ შორის ვფიქრობ, რომ არიან ექსპერტები, რომლებიც არასწორ განმარტებებს აკეთებენ ცალკეულ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. ასევე არიან ექსპერტები, რომლებიც ჩვენი სამინისტროს სპეციალისტების ცოდნებს და გამოცდილებებს აყენებენ ეჭვქვეშ, რაშიც მე ვერ დავეთანხმები ვერცერთ ექსპერტს და ვერცერთ ორგანიზაციას, იმიტომ რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასაქმებული არიან დარგის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები“, - აცხადებს მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.


გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტი - შსს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს.