16.თებერვალი .2016 16:43

განათლების რეფორმით, სახელმწიფო რესურსი ინდუსტრიების მოთხოვნების მიხედვით განაწილდება

views 1590
უკან

განათლების რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რესურსი უმაღლეს განათლებაში კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით განაწილდება. რეფორმის დეტალებზე პრემიერმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
 
„ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო რესურსი განაწილდება იმის მიხედვით, რა მოთხოვნები იარსებებს ხუთწლიან პერსპექტივაში. გამოთავისუფლებული რესურსი, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებით განაწილდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიცვლება დღეს არსებული ვითარება, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს.

ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტ ბანკირს, ვიდრე ეს საბანკო სექტორს სჭირდება რეალურად. ასევეა საგარეო ურთიერთობების, იურიდიული მიმართულებებით და ა.შ. ჩვენ დღეს არ გვყავს მეცხოველეობის კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები, მაშინ, როდესაც ბიზნესმენები მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ მეცხოველეობაში და სამწუხაროდ, საკუთარი რესურსით, კადრებს ევროპაში გადამზადების მიზნით აგზავნიან.

სახელმწიფო კი საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, რომ იქნებიან დაუსაქმებლები, ან უნდა გადაკვალიფიცირდნენ, რათა სამუშაო ადგილი იშოვონ. ამის გაგრძელება დაუშვებელია. შესაძლოა, ამ სექტორში ჩართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამან გამოიწვიოს რეპოზიციონირების მოთხოვნა, თუმცა ამის გარეშე ახალგაზრდებს ვუბიძგებთ, საკუთარი თანადაფინანსებით მიიღონ განათლება იმისთვის, რომ შემდგომში აღმოჩნდნენ უმუშევრები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.