25.ივნისი .2019 17:35

Galt&Taggart რუსული სანქციების ფონზე საქართველოს ეკონომიკის 4,5%-იან ზრდას პროგნოზირებს

views 634
უკან

საინვესტიციო ბანკმა Galt&Taggart-მა დაითვალა, რა გავლენა ექნება რუსეთის ტურისტულ ემბარგოსა და სხვა პროდუქციაზე შესაძლო ემბარგოს ქართულ ეკონომიკაზე.

მისი ინფორმაციით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე 2018 წელს მშპ-ის 9.3%-ს შეადგენდა, ამაში იგულისხმება ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

Galt&Taggart აღნიშნავს, რომ 2013 წლიდან საქართველოს ექსპორტი რუსეთის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განაპირობა მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობის აღდგენამ. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს პოპულარობა რუს ვიზიტორებში გაიზარდა. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა კი, ბოლო წლებში მცირდება, რამდენადაც ქართველ ემიგრანტებს შორის ევროკავშირის ალტერნატივა გახდა; ხოლო რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ზოგადადაც მცირეა.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, რუსეთის სანქციებს გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა 2006 წლის ემბარგოსგან განსხვავებით ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაშია ნეგატიურ შოკებთან გასამკლავებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე Galt&Taggart-ის პროგნოზები ასეთია:

„ვპროგნოზირებთ, რომ სანქციები რუსეთიდან შემოსვლებს 47%-ით შეამცირებს 2019 წლის მეორე ნახევარში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ამის პარალელურად სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების რიცხვი 15%-ით მოიმატებს. ეს სრულად დააკომპენსირებს რუსი ვიზიტორების შემცირებას, ასევე სექტორის შემოსავლებს.

მთლიანობაში, ველოდებით, რომ ტურიზმის შემოსავლები 200 მილიონი დოლარით დაიკლებს 2019 წელს და შემოსავლები ტურიზმიდან წლის ბოლოსთვის 3.4 მილიარდი დოლარი იქნება.

ქართული ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2018 წელს 114.5 მილიონი დოლარი შეადგინა(მთლიანი ექსპორტის 3.4%), 2019 წლის 5 თვეში კი - 51.2 მილიონი დოლარი.

რუსეთიდან შესაძლო ემბარგოს პირობებში ველოდებით, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის დანაკარგი 58 მილიონი დოლარი იქნება 2019 წლის მეორე ნახევარში.

ველოდებით, რომ მშპ-ის რეალური ზრდა 2019 წლის მეორე ნახევარში 4.3% იქნება, რამდენადაც რუსული სანქციები დაახლოებით, 0.7 პროცენტული პუნქტით მოახდენს გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. წლის ბოლომდე 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, რამდენადაც წლის პირველ ნახევარში ზრდა 4.8% იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა