მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galaxy Fold-ს პრობლემები აქვს, შესაძლოა Samsung-მა სმარტფონი წარმოებიდან ამოიღოს

5cb9cc0258063
ლევან თაღიაშვილი
20.04.19 00:07
2491
Galaxy Fold-ის გამოშვების შემდეგ Samsung-მა კრიტიკოსების ქათინაურები უხვად მიიღო მისი ინოვაციურობისა და განსხვავებულობის გამო. ახალ სმარტფონს Huawei-ს და Apple-ის მყისიერი რეაგირებაც მოჰყვა და ორივე კომპანიამ დააანონსა დასაკეცი სმარტფონის გამოშვება.

თუმცა, პოზიტიური პერიოდი Samsung-ისთვის დიდხანს არ გაგრძელებულა. Businessinsider ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ სმარტფონს სერიოზული პრობლემები აქვს და მათი უმრავლესობა ფიზიკურად ზიანდება, ტყდება და მწყობრიდან გამოდის. ინტერნეტში ამის დამადასტურებელი უამრავი ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა, რომელიც ძირითადად ჟურნალისტების მიერაა გადაღებული.




მათზე კარგად ჩანს, რომ სმარტფონის ეკრანის გადაბმის ადგილია გაფუჭებული და ეს ყველაფერი ხმარებიდან ერთ ან ორ დღეში ხდება. როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა ამ ფაქტმა კომპანიის რეპუტაციაზე სერიოზული გავლენა იქონიოს, მსგავსად Galaxy Note 7-ის შემთხვევისა, რომელსაც გაცხელების შემდეგ პირდაპირ ცეცხლი ეკიდებოდა და კომპანიას სერიოზული სამუშაოს გაწევა მოუხდა ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

კორეულ კომპანიას სწრაფად მოუწევს მოქმედება, რადგან ბაზარზე ახალი სმარტფონის გამოსვლა 26 აპრილისთვისაა დაანონსებული და თუ მსგავსი შემთხვევები კიდევ მოხდება, კომპანიას შესაძლოა მოდელის წარმოებიდან ამოღებაც კი მოუხდეს. ჯერჯერობით ჟურნალისტებისთვის მხოლოდ 1000 ცალი Galaxy Fold-ია გაცემული და 2 დღეში მათი 0.4% გაფუჭდა.




არსებული მოდელი საკმაოდ ძვირი ღირს და მისი ფასი ოფიციალურად 1980 დოლარს შეადგენს. Businessinsider წერს, რომ სამსუნგმა წლების განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად, თუმცა მსგავსი შეცდომის გამოუსწორებლობა ნამდვილი ფიასკო იქნება Samsung-ისთვის.