12.აპრილი .2016 19:32

გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს საინვესტიციო სფეროების შესასწავლად სპეციალური ჯგუფი ჩამოვა

views 1161
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრეს.
 
როგორც ტახტის მემკვიდრემ პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა, ის საქართველოს შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობს და დაინტერესებულია კონკრეტულ სფეროებში ინვესტიციების განხორციელებით.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს დაცულ, კონკურენტუნარიან, უსაფრთხო გარემოს სთავაზობს. მისივე თქმით, ქვეყანა სტაბიურობის კუთხით რეგიონში სამაგალითოა.

სასახლეში გამართული შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ სფეროებს შეისწავლის.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

საუბრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე საქართველოში მოიწვია.

"დღეს შედგა აბუდაბის ტახტის მემკვიდრესთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. ვისაუბრეთ კონკრეტულად მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე, კონკრეტულ პროექტებზე. უახლოეს მომავალში შედგება ვიზიტი, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ მიმართულებებს ინვესტიციების განსახორციელებლად. გუშინ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან და ჩვენს ბიზნესმენებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება ახალი ინვესტიციები ამ ქვეყნიდან საქართველოს რამდენიმე სექტორში. ასევე ხელი შეეწყობა საქართველოდან ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ამ ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგია,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.