მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადამხდელთა კავშირი: ბიზნესი არაა მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების სფერო

5d027df0add5a
ლევან თაღიაშვილი
14.06.19 23:00
1354
გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრე რატიშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა „ოქროს სიის“ ცვლილება, მყისიერად არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ბიზნესზე დამაზიანებლად მოქმედებს. მისივე თქმით, ხშირად გადაწყვეტილებები მათთან კომუნიკაციის გარეშე მიიღება.

„მთავარი ჩვენთვის, ბიზნესგაერთიანებებისთვის არის ის, რომ მთავრობის მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენზე მყისიერად ახდენს გავლენას და გვიწევს გამოსავლის ძებნა თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში. ბიზნესი არაა მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების სფერო. ჩვენ გეგმები გვაქვს. ბიუჯეტი, რომელიც გაწერილია გრძელ ვადაზე, ერთ და ზოგჯერ რამდენიმე წელიწადზეც. მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების ალგორითმი, რატომ და რა მიზეზების გამო ხდება ცვლილებები, ამ ყველაფრის არგუმენტაცია უნდა მოხდეს. თან ცვლილებები უშუალოდ ჩვენზე აისახება და ამ დროს ჩვენთან კომუნიკაცია საერთოდ არ მიმდინარეობს", - აღნიშნავს რატიშვილი.

მისივე თქმით, "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილება ბიზნესისთვის არანაირი სიკეთის მომტანი არ იქნება და გაუგებარია, რაში დასჭირდა მთავრობას ამ ნაბიჯის გადადგმა.

„ჩემთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება ან ახლა ან 3 თუ 6 თვის მერე. ეს გაუგებარია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ტიპის განმარტება. სწორედ ამიტომ 11-მა ორგანიზაციამ გავამზადეთ წერილი, მივმართეთ ოფიციალურად სამინისტროს და ველოდებით დასაბუთებულ პასუხს.“ - ამბობს რატიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). არსებულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედმა 11 ბიზნეს-გაერთიანებამ ერთობლივი წერილით ფინანსთა მინისტრს მიმართეს.

„მიმართვის მიზანია, ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთდეს ოფიციალური და საჯარო განმარტებები მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ჯერჯერობით მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ხდება“, - აცხადებენ ბიზნეს გაერთიანებები.