27.თებერვალი .2016 19:43

G20: დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება მსოფლიო ეკონომიკისთვის შოკი იქნება

views 1401
უკან

მსოფლიოს ოცი ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები დიდი ბრიტანეთის მიერ, ევროკავშირის შესაძლო დატოვებას, მსოფლიო ეკონომიკისთვის შოკად აფასებენ. მინისტრებმა საკუთარი პოზიცია, 2-დღიანი შეხვედრის შემდეგ, G20-ის კომუნიკეში დააფიქსირეს. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის შესაძლო დატოვების შემთხვევაში არსებული რისკები ოცეულის წინა კომუნიკეში ასახული არ იყო.

"ჩვენი პოზიცია შემდეგია: ევროპის, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, უკეთესი იქნება თუკი ქვეყანა ევროკავშირში დარჩება", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა.

გარდა ამისა, მსოფლიოს ტოპ 20 ეკონომიკა ქვეყნის ხელისუფლებებს ეკონომიკური ზრდისთვის, ფისკალური პოლიტიკის გარდა, სხვა სახის ღონისძიებების გატარებასაც ურჩევს.

"გლობალური ეკონომიკის აღდგენა გრძელდება, მაგრამ ის რჩება არათანაბარი და არ ასახავს ჩვენს ამბიციებს დაბალანსაბული ზრდის მიმართულებით. მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობს ფასების სტაბილურობას, მაგრამ მხოლოდ მონეტარული პოლიტიკით დაბალანსებულ ზრდას ვერ მივიღებთ", - ნათქვამია კომუნიკეში.

G20-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ რომ, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი, - მონეტარული, ფისკალური და სტრუქტურული, რათა მიღწეული იყოს ეკონომიკური მიზნები.

დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები  შეთანხმდნენ, რომ წინასწარ აცნობონ ერთმანეთს ისეთი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელმაც შესაძლოა მათი ეროვნული ვალუტის დევალვაცია გამოიწვიოს. ჩინეთმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე იუანის დევალვაციის წინაპირობა აღარ არსებობს.