25.ივნისი .2019 18:00

ФСБ-ს მიერ იაკობაშვილის მუზეუმში ჩხრეკის ჩატარების გამო, ბიზნესმენი რუსეთში ჩასვლას არ აპირებს

views 606
უკან

წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი რუსეთში ჩასვლას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან bbc-ის რუსულ გამოცემას თავად განუცხადა. 

რუსულენოვანი Forbes-ის მდიდრების რეიტინგში შესული  ბიზნესმენი ამბობს,  რომ  რუსეთში ის ბოლოს მარტში იყო, ამ ეტაპისთვის კი, იქ დაბრუნებას არ აპირებს;  მიზეზი ФСБ-ს მიერ დავით იაკობაშვილის მუზეუმ "სობრანიეში" ჩხრეკა ჩატარებაა.


"მარტის შემდეგ არ ვყოფილვარ რუსეთში და უახლოეს მომავალში საერთოდ არ ვაპირებ დაბრუნებას,  მით უმეტეს მანამ, სანამ  არ გაირკვევა რა მოხდა ჩემს მუზეუმ "სობრანიესთან" დაკავშირებით; ფაქტია, რომ არაადეკვატური პროცესები მიმდინარეობს.  რუსეთში ბიზნეს აქტივები მე არ მაქვს;  მხოლოდ მაქვს მუზეუმი, რომელიც თავისით მუშაობს", - განუცხადა იაკობაშვილმა რუს ჟურნალისტს.

 

ამ ეტაპისთვის ქართველი ბიზნესმენი საფრანგეთში იმყოფება. მისი თქმით, სამუშაო ვიზიტებით ხშირად გადაადგილდება ჟენევაში, ლონდონში, კონგოსა თუ რუანდაში.   მუზეუმის ჩრეკისას კი,  ჟენევაში იმყოფებოდა.  იაკობაშვილი მონაკოში ცხოვრობს და ბიზნეს-საქმიანობის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად გადაადგილდება. მოსკოვში მდებარე მის  მუზეუმში მომხდარი ჩხრეკის შემდეგ, ის აცხადებს, რომ რუსეთში პროცესები არასამართლიანად მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა წარმოშობით ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის მუზეუმში ჩხრეკა ორი კვირის წინ  ჩაატარა.  მოსკოვში მდებარე მუზეუმ „სობრანიეში“ შემოწმება კორუფციული საქმის ძიების ფარგლებში ჩატარდა.  ერთ-ერთი ვერსიით, საქმეზე გამოძიება იაკობაშვილის ყოფილი პარტნიორის ბორის მინახის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ საერთო ბიზნესში სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს. 

 

ცნობისთვის: თბილისში დაბადებული ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის მუზეუმი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა,  მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კერძო კოლექციად მიიჩნევა. "სობრანიეს" ხელოვნების ფონდში  დაახლოებით, 20 000 ექსპონატია დაცული; იაკობაშვილმა მუზეუმში 600 მილიონი აშშ დოლარი ჩადო.  რუსულენოვანი Forbes-ის მდიდრების რეიტინგში იაკობაშვილი 145-ე ადგილს იკავებს.  ყველაზე მსხვილი წილი – 51%, მას ნავთობტრეიდერ Petrocas Energy Holding-ში აქვს.


რაც შეეხება ქართულ აქტივებს, 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ნავთობკომპანია "გალფში" 38%-იან წილს ფლობს, რომლის ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა