მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera საქართველოს უჩივის და კომპენსაციის სახით $3.5 მილიარდს ითხოვს

5d680da132a37
შოთა ტყეშელაშვილი
29.08.19 21:37
12879
ამერიკული ენერგოკომპანია, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის უპრეცედენტო ზომის საბადოს აღმოჩენის შესახებ აცხადებდა, დღეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) წინააღმედ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული.

Frontera საქართველოსგან მიუღებელი შემოსავლის სახით, $3.5 მილიარდი ამერიკული დოლარის გადახდას ითხოვს.

მახრეებს შორის დავა 2018 წელს დაიწყო და მის შესახებ საჯაროდ ცნობილი მხოლოდ GOGC-ის აუდიტორული ანგარიშიდან გახდა, რომელიც დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ მოამზადა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად კომპანიის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა საქართველოს მთავრობამ დაიწყო. 2018 წლის ივლისში GOGC-მა და “საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ” Frontera-ს მიერ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო საარბიტრაჟო დავა დაიწყეს. საქმე კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების PSA (შემოსავლის გაყოფის) მუხლების დარღვევას უკავშირდებოდა. კიდევ ერთი მუხლი აღნიშნულ დავაში, ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელში არსებული დავალიანება იყო, რომლის გადახდასაც კომპანია თავს არიდებს.

თუმცა, როგორც ირკვევა, 2018 წლის სექტემბერში Frontera-მ საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და ქართული მხარისგან მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა. კომპანია სარჩელში 2012-2027 წლების “მიუღებელი მოგების” ანაზღაურებას ითხოვს, რასაც $3.5 მილიარდად აფასებს. KPMG-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაცია მიიჩნევს, რომ Frontera-ს სარჩელი უსაფუძვლოა და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მათი პოზიციის გათვალისწინების ალბათობა მინიმალურია.

Frontera-მ, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობდა, ყველაზე ხმამაღალი განცხადება 2016 წლის პირველ თებერვალს გააკეთა. Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა Atlantic Council-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კახეთის რეგიონში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები შესაძლოა 5.3 ტრილიონ კუბურ მეტს შეადგენდეს და რომ საქართველოს ფიქლის ბუნებრივი აირის მოპოვებით ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და ექსპორტიორად გახდომა შეეძლო.

ამ განცხადებიდან მალევე კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით გაიზარდა, დროის გასვლის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ კომპანიის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. საქართველოს მთავრობის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, Frontera-მ საკუთარი “აღმოჩენის” ტექნიკური დასაბუთება არ წარადგინა.

2019 წლის იანვარში კი გაირკვა, რომ Frontera ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM) მოიხსნა. ვაჭრობიდან მოხსნის მიზეზს საფონდო ბირჟაზე Frontera-ს დანიშნული მრჩევლის, კომპანია Cairn Financial Advisors პოზიციიდან გადადგომა წარმოადგენდა, ხოლო ასეთი მრჩევლის არსებობა კი თავად აღნიშნული ბირჟის მოთხოვნას წარმოადგენდა. მაშინ Cairn Financial Advisors-მა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა.

როგორც ცნობილია საქართველოს სახელმწიფო კომპანიასთან ერთად, კომპანია კაიმანის კუნძულების სასამართლოში საკუთარი გამგეობის წევრსაც ედავება. კომპანია მას ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საბჭოს წევრს Frontera-ზე კონტროლის მოპოვება სურდა.

გაზისა და ნავთობის კორპორაციის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, Frontera-ს საარბიტრაჟო სარჩელზე შემდგომი მოსმენა 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება.