მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული კომპანია, ბათუმის შემდეგ, ველობილიკების განვითარებას თბილისშიც გეგმავს

5728d85322305
BM.GE
03.05.16 22:05
2651
ფრამგული კომპანია "სმუვ" თბილისში ველოტრასების დანერგვას და განვითარებას გეგმავს. თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისში ველობილიკების განვითარება იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით უცნობია. თემაზე "საქმიან დილასთან" კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი ლორია საუბრობს.
 
- თბილისში ველობილიკების გასავითარებლად რა მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი?

- "სმუვ"-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული კომპანიაა, რომელიც საფრანგეთში 2008 წელს შეიქმნა. მისი სათაო ოფისები მონპელიესა და ლიონში მდებარეობს. კომპანიამ თავიდან ინვესტიციები საფრანგეთის ათ ქალაქში წარმატებით განახორციელა და ამის შემდეგ მან მსოფლიოს 12 ქვეყნის 20 ქალაქზე მეტში მიიღო მონაწილეობა 460 ველო ტერმინალის განვითარებაში, რაც 8500-ზე მეტ ველოსიპედს უწევს ოპერირებას. კომპანიამ აქტიურად შეისწავლა თბილისი, ჩვენი ქალაქი მთა-გორიანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისის დიდი ნაწილი აბსოლუტურად გამოდგება ველოტრასების მოსაწყობად ისევე, როგორც ეს არის ბუდაპეშტში, ლიონში, სან-ფრანცისკოში და სხვა ქალაქებში.

- ბათუმში აღნიშნული პროექტის იმპლემენტაცია მოხდა, რამდენად გაამართლა ბათუმის კონცეფციამ?

- კომპანია “სმუვ"-მა ეს პროექტი ბათუმში 2011 წელს განახორციელა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდა და პოპულარულია, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე ქალაქის სტუმრებში.

ტურისტებისათვის ველოსიპედით სარგებლობა საკმაოდ მიმზიდველი სახეობაა. აღსანიშნავია, რომ ეს განვითარებადი და ინოვაციური კომპანიაა და მაშინ 2011 წელს სულ სხვა სახის ველოსიპედებთან და ტექნიკასთან გვქონდა შეხება. მას შემდეგ 5 წელი გავიდა ველოსიპედები კვლავ მუშაობენ. დღეისათვის ფრანგულმა კომპანიამ სულ სხვა სისტემა შეიმუშავა, რომელიც აბსოლუტურად ამარტივებს ძალიან ბევრ ტექნიკურ პრობლემას.

- გენერალური გეგმის არ არსებობა, რაც რეალურად ნაკლოვანებაა, არის თუ არა გარკვეული დისკომფორტი ინვესტორი კომპანიისთვის, როდესაც საუბარი სოლიდურ ინვესტიციაზე გვაქვს?

- ჩვენ თბილისის რელიეფი შევისწავლეთ და მისი აბსოლუტურად დიდი ნაწილი ველოსიპედების გაქირავებისათვის გამოდგება. ამასთანავე ქალაქის კლიმატური პირობებიც იდეალურად მიუდგება იმას, რომ მოსახლეობამ ველოსიპედებით წლის ნებისმიერ მომენტში ისარგებლოს. კომპანიამ დაიანგარიშა ქალაქს რამდენი ველოსიპედი, რამდენი ველოტერმინალი და ველო-სადგომი დასჭირდება რათა მისი მთლიანად ათვისება მოხდეს. ეს არ არის მარტო ველოსიპედების გაქირავების სისტემა.

- რამდენად არის მზაობა, რომ საკმაოდ საინტერესო და ქალაქისთვის სასარგებლო წინადადება ამ შემთხვევაში მერიამ განიხილოს და მას დედაქალაქში ადაპტაციის კუთხით ხელი შეუწყოს?

- ეს საკმაოდ სერიოზული პროექტია და ფრანგული კომპანია მზად არის ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს და ადგილობრივ თვითმმართველობას შეხვდეს. ეს სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა. აუცილებელია აღნიშნული კომპანიის, ქალაქის მერიისა და მომწოდებელი კომპანიის ჩართულობა, ერთობლივი მუშაობით კონცეფცია უნდა შედგეს. აუცილებლად იქნება საუბარი პროექტის სიდიდეზე, ფასზე, მის მიზანზე, მიწების გამოყოფაზე, ველოტრასების შექმნასა და ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაზე.

ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ მთავრობასთან შესახვედრად თბილისს აუცილებლად ეწვევიან და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. სამუშაო საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს მოიცავს, ეს არ არის ერთ ან ორ დღეში განსახორციელებელი საქმე და სერიოზული დოკუმენტაციის შედგენა მოხდება. მოლოდინები დადებითია.