მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fox Business: 18-დან 34 წლამდე ადამიანების ძირითადი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული

5cbdcebd2a344
ლევან თაღიაშვილი
23.04.19 00:26
1014
Fox Business-ი კვლევას აქვეყნებს, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ დაბადებული ადამიანების ფინანსურ დამოუკიდებლობას ეხება.

გამოცემის მიხედვით, ახალგაზრდა ადამიანების ძირითადი რაოდენობა ფინანსურად კვლავ მშობლებზეა დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, 18-დან 34 წლამდე ადამიანების 70%-მა გასულ წელს მშობლებისგან ფინანსური დახმარება მიიღო.

5-დან 3 მილენიალი ამბობს, რომ ფინანსური დახმარების გარეშე ისინი ხარჯებს ვერ გაწვდებოდნენ. ანალიტიკოსები წერენ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია კოლეჯის გადასახადის გაზრდით, რისი წყალობითაც მილენიალები რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ხარჯების დაზოგვის მიზნით, ოჯახთან ცხოვრებას ამჯობინებენ.
კვლევაში სხვა საინტერესო დეტალებსაც ვხვდებით. მაგალითად, ვიგებთ, რომ მათი ანაზღაურება პროპორციულად ბევრად ნაკლებია კორპორაციების მოგებაზე, რაც დიდი ალბათობით მომავალში გამოსწორდება და მინიმალური ანაზღაურების გაზრდა ამერიკაში სავალდებულო გახდება.

გარდა ამისა, 5-დან 3 მილენიალს ბინის ქირის გადახდაში ასევე მშობლის დახმარება სჭირდება, 5-დან 2 მათგანს კი ბინის ქონის მიუხედავად მაინც ესაჭიროება მშობლების ფინანსური დახმარება.

სტუდენტური სესხები ამერიკელებისთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა. 5-დან 4 ახალგაზრდას ამერიკაში სესხი აქვს გადასახდელი, რომლის მიზნობრიობაც ხშირად სწავლის საფასურია, მისი საშუალო ღირებულება 36 888 დოლარს უტოლდება, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტებს 10 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 371 დოლარის გადახდა უწევთ.

Forbes-ის მიხედვით, ამერიკაში სტუდენტების ვალი ჯამურად 1.5 ტრილიონ დოლარს სცდება.

საქართველოში მილენიალების ფინანსური დამოუკიდებლობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა საქსტატის მიხედვით, შეგივძლია ვნახოთ როგორია დასაქმების დონე. 2017 წელს 20-დან 24 წლამდე ადამიანებში უმუშევრობა 29.6% იყო, 25-დან 29 წლამდე ეს რიცხვი 20.8%-მდე მცირდება, 30-დან 34 წლამდე ადამიანების უმუშევრობის დონე კი, 16.4%-ია.