მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღებაზე ჰოლივუდი 31 მლნ-მდე ლარს დახარჯავს

5d30178add67d
თელარა გელანტია
18.07.19 10:47
7022
“ფორსაჟი 9”-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღებაზე ჰოლივუდი 31 მლნ-მდე ლარს დახარჯავს.

მთავრობის 10 ივლისის #1571 განკარგულებაში წერია, რომ სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარი, საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“-ისთვის საქართველოში დახარჯული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 31,358,162 ლარი.

დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

მართალია, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ოფიციალურად არ ამბობენ, რომ საქართველოში სწორედ „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდს გადაიღებენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება.

მთავრობის განკარგულების მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოს.

როგორც bm.ge-ის სააგენტოში განუცხადეს, მათი ვალდებულებაა, პროგრამის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო და ვიზუალური პროდუქციის შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯის 25% უკან დაუბრუნოს.

ცნობისთვის: „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ ჰოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 2 მაისამდე ვიზიტის ფარგლებში.

ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობდა. კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ.

პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორცილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, გადაღებები უკვე დასრულდა 15 პროექტზე, ხოლო 11 პროექტზე გადაღებები მიმდინარეობს. პროგრამის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 67 მილიონი ლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი, 8000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.