მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს საბანკო სექტორს პროგნოზი "სტაბილური" შეუნარჩუნა

566e6322d38e2
BM.GE
14.12.15 10:33
1580
Fitch-მა საქართველოს საბანკო სექტორს პროგნოზი "სტაბილური" შეუნარჩუნა. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ბანკების კაპიტალის მნიშვნელოვანი რეზერვები დააკომპენსირებს კომერციული ბანკების ლარის გაუფასურებით გაუარესებული აქტივების ხარისხს. თუმცა, იგივე შეფასებით, საქართველო კვლავ რჩება მაღალრისკიან ბაზრად სტრუქტურული სისუსტეების, მაღალი დოლარიზაციის, ციკლური ეკონომიკის და სუსტი გარე დაფინანსების გამო. დსთ-ს ჭრილში, უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების შეფარდებით მთლიან პორტფელთან, საქართველო მეორე პოზიციაზეა და აღნიშნული მაჩვენებელი, 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, 65%-მდეა. ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ვადაგადაცილებული სესხების შეფარდებით მთლიან სესხებთან: ამ შემთხვევაში, საქართველო რეიტინგში ბოლო პოზიციას იკავებს. აღნიშნული მაჩვენებელი 4%-მდეა. დსთ-ს ქვეყნების უმეტესობის საბანკო სექტორისთვის Fitch Ratings-ის პროგნოზი - ნეგატიურია.
 
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ საქართველოს საბანკო სექტორი Standard and Poor’s-მაც შეაფასა. ამერიკული სარეიტინგო სააგენტო საბანკო სექტორს კარგად კაპიტალიზირებულად და ლიკვიდურად აფასებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის ხარისხი მაღალია, სააგენტო საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის გაუარესებას და დაკრედიტების ზრდის ტემპის შემცირებას ელოდება.