მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

5cc06161d44f6
შოთა ტყეშელაშვილი
24.04.19 17:18
1364
დღეს "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერიან ხასაშვილმა პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.

მან პარლამენტში დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ კონფიდენციალურობის პრინციპებიდან გამომდინარე, ის ვერ ისაუბრებს იმ დეტალებზე, რომელთა გამოც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 11 წლის წინანდელი საქმის გამოძიება დაიწყო. 

ვალერიან ხასაშვილი ამბობს, რომ მისი "ქმედება სწორი იყო" რაც მრავალმა გარემოებამ დაამტკიცა. 

რომან გოცირიძე:

"11 წლის დაგვიანებით "თიბისი ბანკის" საქმე როგორ აღმოაჩინეთ? მექანიზმი გვითხარით, ვინ მოგიტანათ ინფორმაცია? ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს? საიდან 11 წლის შემდეგ, როდესაც შემოწმებაზე თქვენ არ დადიხართ. როგორ მიაგენით თუ როგორ გახვედით ამ საქმეზე?"

ვალერიან ხასაშვილი:

"რაც შეეხება "თიბისის", არსებობს კონფიდენციალურობის ნორმები, რის გამოც ამ საკითხს ვერ ჩავუღრმავდები. ის რომ ჩვენი ქმედება სწორი იყო, ეს დაადასტურა ბევრმა რამემ, მათ შორის საერთაშორისო აუდიტორებმაც."

რომან გოცირიძე:

"11 წლის წინანდელი საქმე არ იცოდით რომ იყო? თუ იცოდით და მალავდით?"

ვალერიან ხასაშვილი:

"კონფიდენციალურობის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ."

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კანონპროექტი განიხილებოდა, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ დაბრუნებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტს "ქართული ოცნების" უმრავლესობა და თავად ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეწინააღმდეგებიან. ვალერიან ხასაშვილის თქმით, მათი საერთაშორისო პარტნიორებისთვის უცნაურად აღსაქმელი იქნება ფაქტი, რომ საქართველომ დროის მოკლე ინტერვალში ეს სამსახური ჯერ გამოიყვანა სებ-ის შემადგენლობიდან, შემდეგ კი, მალევე მისი უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.