მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო: მოგების გადასახადის რეფორმა ეკონომიკურ ზრდაზე იქნება ორიენტირებული

5698b52221c0d
BM.GE
15.01.16 12:31
2263
"მოგების გადასახადის რეფორმა ეკონომიკურ ზრდაზე იქნება ორიენტირებული", - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ კომპანიებისთვის ფინანსურ რესურსზე წვდომა გამარტივდება, რაც პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება.
 
"მოგების გადასახადის რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრო უკვე 1 წელზე მეტია მუშაობს. უცხოელი და ქართველი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასრულდა რეგულაციის გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული რეფორმის საქართველოში განხორციელება ცალსახად დადებითად არის შეფასებული. ეს იქნება ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმა. რეფორმას საქართველოს ეკონომიკაზე შესალოა ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი ჰქონდეს.

ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ეს პირველ რიგში შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. კომპანიები კრიზისისადმი უფრო მდგრადი გახდებიან რაც რეგიონში არსებულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რეფორმა გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი მაგრამ შესაძლებელია, რომ შედეგები პირველივე წლიდან მივიღოთ. რეფორმის განხორციელების პირველივე წლიდან ბიზნესი იგრძნობს ეფექტს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.