მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

5d32d5625228f
BM.GE
20.07.19 12:46
906
"ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც სამინისტროებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ამგვარი დიალოგის უმთავრესი მიზანია, ფინანსთა სამინისტროს, პირადად მას ჰქონდეს ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტას ხალხი ითხოვს.
ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ფინანსთა მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ადგილზე დაათვალიერეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც ამჟამად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარეობს.

ადგილობრივებთან საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის, 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, წყალმომარაგების, სოციალური თუ განათლების პროგრამების შესახებ გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ჩართულობის შედეგად მიიღებს.

„ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ მოსახლეობისგან მომესმინა, თუ რას ანიჭებენ ისინი პრიორიტეტს, რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა მათთვის. ფინანსთა სამინისტროს დაწყებული აქვს 2020 წლის ბიუჯეტირების პროცესი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდე, თუ რა საკითხებია პრიორიტეტული რეგიონის მოსახლეობისთვის, რათა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, შეძლებისდაგვარად, მოხდეს ამ საკითხების გათვალისწინება და ასახვა 2020 წლის ბიუჯეტში. მოსახლეობასთან შედგა გულახდილი, ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა, ასევე, მოვისმინეთ მადლობის სიტყვები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან ადეკვატურია ჩვენი მოსახლეობა. განსაკუთრებით, რეგიონებში, სოფლად, მთაში. ისინი ზუსტად ხედავენ იმ პრობლემებს, რაც გვაქვს და მათი მოთხოვნები არის რეალისტური. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ეს ხმა მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ, იქნება ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დონეზე", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს რეგიონში აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების გამო.

„აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესი კვლავ გაგრძელდეს. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აწუხებს ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და რაც ჩვენ მიერ იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ფინანსთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა ადგილზე დაათვალიერეს სოფლების: ქოსოფლისა და ოქროპილაურის ხიდების სამშენებლო სამუშაოები, გაეცნენ გაზიფიცირების მეორე ეტაპს, რომლის დასრულების შემდეგ, დამატებით, მოხდება 5 200 აბონენტის გაზიფიცირება.

როგორც აღინიშნა, ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის სისტემების, საავტომობილო და შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია, მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა, დაგეგმილია საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და სპორტული დარბაზის მშენებლობა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს და დაგეგმილია საავტომობილო და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, დაბა შუახევში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის, ბაგა-ბაღების, პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა, შუახევის სამთო იალაღებზე აქტიურად მიმდინარეობს შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობითი სამუშაოები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.