მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსისტი-ლარის კურსზე: მოსახლეობას შეიძლება ვურჩიოთ, რომ პანიკას ნუ აყვებიან

5ce411d9d37f5
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 19:40
1118
„მოქალაქეებმა ნებისმიერი ვალუტა უნდა შეიძინონ და გაყიდონ, არა - მოლოდინებზე გათვლით, არამედ მაშინ, როდესაც ეს სჭირდებათ,“ - ამის შესახებ ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ „საქმის კურსში“ ლარის კურსის რყევებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სავალუტო კურსის ცვალებადობა სრულად მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამყარებული.

„ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა დოლარზე იყო, ამით იწყება და მთავრდება კურსის ცვალებადობა. ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება, ნაკლებად მგონია, რომ თურქულ ლირასთან იყოს დაკავშირებული. ლარის გაუფასურებაზე მოლოდინები მოქმედებს, თუმცა მოლოდინები მოკლე პერიოდში მოქმედებს, როდესაც დოლარზე მოთხოვნა იზრდება და ლარი ბუნებრივად უფასურდება, შედეგად დოლარი მყარდება და შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად არის. მოსახლეობას შეიძლება ვურჩიოთ, რომ პანიკას ნუ აყვებიან, რადგან მოქალაქე წაგებული გამოვა“, - განაცხადა ერაძემ.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ეროვნული ვალუტის რყევები საგარეო ფაქტორებით, მათ შორის თურქეთის ფაქტორით ახსნა.

„რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია... რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიცააა. ზუსტად ამიტომ ჩვენ უკვე 1 წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დამოკიდებული დოლარზე; მათ შორის პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე, ეს ემსახურება იმას, რომ სწორედ აი, ამ ტიპის რყევები, რომელიც ყველგან ხდება, მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში, ამ რყევების მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას, დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ზუსტად ის ნაწილი კი, ვისაც დოლარში აქვს სესხი და ყველაზე მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ. წლიდან წლამდე ეს დამოკიდებულება შემცირდება; ალბათ სრულად ვერ გაქრება, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო ვალუტა, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ შევარბილოთ ამ რყევების ეფექტი “, - განაცხადა მინისტრმა მედიასთან.

ლარი დღესაც გაუფასურდა - სებ-ის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ხვალიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.76 ლარი იქნება.