30.მარტი .2016 18:00

ფილიპ ჰამონდი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაზე ადვილია ბიზნესის წარმოება

views 1042
უკან

ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება არის ჩვენი ურთიერთობის შემდგომი ნაბიჯი, საინვესტიციო მიმართულებით დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის საინტერესო განვითარება გველის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის განხილვას დაეთმო.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა საქართველოს მიერ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით.

"საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით. ეს არის ფართოდ აღიარებული მთელ მსოფლიოში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაზე ადვილია ბიზნესის წარმოება და ერთ–ერთი ლიდერია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ეს მაჩვენებელი ზრდის საქართველოს, როგორც ცენტრის პოტენციალს, აზიასა და ევროპას შორის", - განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა.

"საქართველოს მართლაც გააჩნია მნიშვნელოვანი რეპუტაცია გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებელია მან დაიცვას და შეინარჩუნოს ასეთი მაღალი დონის რეპუტაცია", - განმარტა ფილიპ ჰამონდმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა