მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგი აღარ აშენდება - ინვესტორი მიზეზებზე საუბრობს

5d51260fda0dd
ლიკა გურაბანიძე
20.08.19 16:10
1730
ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგი აღარ აშენდება - როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „იქს 2“-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერიან კირკიტაძე BM.GE-ისთან აცხადებს, გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ პროექტი არამომგებიანია და მშენებლობის განსახორციელებლად შეუსაბამო აღმოჩნდა.

„იქს 2“-ის დამფუძნებლის განმარტებით, 180 000 დოლარის ინვესტიცია, რომელიც კომპანიამ თავდაპირველად პროექტის შედგენასა და კვლევების ჩატარებაში ჩადო, დაკარგულია.

ამასთან, ვალერიან კირკიტაძის თმით, კომპანიას მერიამ 400 000 დოლარამდე ბანკის საგარანტიო თანხა დაუბრუნა, რომელიც „იქს 2“-მა პროექტის განხორციელებაში საწყის ეტაპზე ჩადო.

„ინვესტიციის სახით პროექტში, ჯამში, 11 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული და მისი ამოღება 18 წელი ვერ მოხდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიწისქვეშა შემოწმებებს გერმანელი სპეციალისტები აწარმოებდნენ; სწორედ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი ისიც, რომ ადგილზე წყალი, რომელიც მიწისქვეშ ჩაედინება, პროექტის განხორციელებისთვის საფრთხის შემცველია. ჩვენს არასტაბილურ ქვეყანაში ამას არცერთი ინვესტორი არ დათანხმდება, როგორც ინვესტორს რეალურად არავის უღირს. კახა კალაძეს უნდოდა ეს პროექტი, მაგრამ კერძო ინვესტორი ამას არ გააკეთებს", - განაცხადა კირკიტაძემ.


შეგახსენებთ: ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ წელს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იქს 2“-ის მიერ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო, ხოლო მისი დასრულება წლის ბოლოს იგეგმებოდა.

მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა ჯამში 11 მილიონ ლარს შეადგენდა. მიწისქვეშა პარკინგი მინიმუმ 180 ავტომობილს დაიტევდა.

ცნობისთვის: თბილისის მერიამ 2018 წელს „იქს 2“-ს ტერიტორია 27-წლიან მართვაში გადასცა. მიწისქვეშა პარკინგი ფილარმონიის გვერდით, ამჟამად არსებულ მიწისზედა პარკინგზე უნდა მოწყობილიყო.