მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენეს

5ce80cba496b4
BM.GE
24.05.19 19:21
728
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

სამიტს 60-მდე წევრი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სატრანსპორტო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამიტის წლევანდელი თემა სატრანსპორტო კავშირების განვითარებას შეეხებოდა.

მინისტრთა დახურულ სესიაზე, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკითხებს მიეძღვნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ხაზი გაუსვა ქართველი გადამზიდველებისთვის "ECMT-ს მრავალმხრივი კვოტის სისტემის" მნიშვნელობას ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. მისი თქმით, საქართველომ შეძლო ერთ-ერთ პირველს დაეკმაყოფილებინა „ხარისხის ქარტიის" მოთხოვნები და ახლა მოელის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს არსებული შეზღუდვების გაუქმებისა და კვოტების გაზრდის კუთხით.

აკაკი საღირაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან და აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან სატრანსპორტო კავშირების განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. მან ქართული მხარის მხრიდან სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და სამიტის მონაწილეები ოქტომბერში დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია.

ამასთან, სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების თემაზე გამართულ მინისტრთა მრგვალი მაგიდის სხდომაში. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით საქართველოს გამოცდილებაზე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ტრანსპორტის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანთან კიტაკ ლიმთან და ასევე მსოფლიო ბანკის ევროპის ტრანსპორტის მიმართულების მენეჯერთან კარლა გონზალეზ კარვაჯალთან, რომელთანაც საუბარი ძირითადად შეეხო სატრანსპორტო დერეფნების გაციფროვნების საკითხში მსოფლიო ბანკის შესაძლო მხარდაჭერას.