მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმება

5d10fa60c418b
თელარა გელანტია
24.06.19 20:24
817
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დღეების მოვლენებმა დაგვანახა, რომ დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეიკრიბოს და შეთანხმდეს ისეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიას და პლურალიზმს განამტკიცებს.

ველით, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესი და ყველა მხარეს მასში ჩართვისკენ მოვუწოდებთ.

მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, გვინდა ასევე ყურადღება გავამახვილოთ ეუთოს/ODIHR რეკომენდაციებზე და მათ დროულად და სრულად შესრულების მნიშვნელობაზე.

მივესალმებით მზადყოფნას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გამოძიებულ იქნას იმ მოწოდებების შესაბამისად, რომლებიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და სხვათა მიერ იყო გამოთქმული. ველით, რომ ჩატარდება გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი სახალხო დამცველის მონაწილეობით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად და დაბეჯითებით ვთხოვთ ყველას, ყოველთვის იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში. როგორც საქართველოს ერთგული მეგობრები და პარტნიორები, მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.