მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

5d0a6924cff1a
BM.GE
20.06.19 00:25
1367
22 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტი ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC).

ღონისძიების მიზანია, ხელისუფლებას, დონორებს, ENPARD-ის განმახორციელებელ პარტნიორებს, ფართო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სასოფლო ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაესწრონ სახალხო ზეიმს „ევროკავშირი სვანეთში“, რომელიც ჩატარდება დაბა მესტიის ცენტრალურ მოედანზე და მოიცავს გასართობ და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს ბავშვების, ახალგაზრდობისა და მთლიანად მოსახლეობისთვის, რათა გაეცნონ ევროკავშირს და მის მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებს საქართველოში; დამატებით მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საჭადრაკო ტურნირში.

პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართავენ: კარლ ჰარცელი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, არად ბენკე - ავსტრიის ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი - შვედეთის სამეფოს ელჩი, ჰაინც ჰაბერტოიერი - ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების დირექტორი; რობერტ ვოლფსბერგერი - ქეა ავსტრიას ფინანსური დირექტორი და ალექსანდრე მოწერელია - სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

მოკლედ, პროექტების შესახებ:

პროექტი - GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია, განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას.  პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს;
მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.

„CARE ავსტრია“ - თავის პარტნიორ ორგანიზაცია PMC-RC-თან ერთად, განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს. პროექტი წარმოადგენს საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილს.
ENPARD პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია, სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. ENPARD III მესტია-ს სპეციფიკური მიზანია, მთიან დასახლებებში მოწყვლადი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის „LEADER“ მიდგომის გამოყენებით. მისი მთლიანი ღირებულება შეადგენს 2.5 მილიონ ევროს და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მიერ.