მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკომპანიები მთავრობას ქონების გადასახადის რეფორმის დაჩქარებას სთხოვენ

5cc00fb854a6c
დათო ჯალაღონია
24.04.19 11:25
565

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია და მასში გაწევრიანებული ენერგოკომპანიები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ.

მიმართვა ენერგოპროექტების ქონების გადასახადით მიღებული თანხების დიდი ნაწილის იმ სოფლებსა თუ თემში დატოვებას ითვალისწინებს, სადაც კონკრეტული ობიექტი, მაგალითად ჰესი შენდება.

განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

“ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია. ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისთვის გაცილებით სწრაფი ტემპი სჭირდება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კავკასიის რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა გახდეს. ეს შესაძლებელია - ამას მსოფლიო ბანკის კვლევებიც ადასტურებს.

დღეს, მზარდი ენერგომოხმარების პირობებში, არ უნდა ვსაუბრობდეთ ენერგოობიექტების აშენება-არაშენებაზე, რადგან არაშენება და არგაკეთება მხოლოდ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ძალების (ქვეყნების) ინტერესშია და პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. დღეს ჩვენ უკეთ შენებაზე, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს. არავინ არის მომხრე, რომ ენერგორესურსების ათვისება ეკოლოგიური წესებისა და ნორმების დარღვევით მოხდეს. მიგვაჩნია, რომ ყველა ნორმა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ჰესები სწორედ ასე უნდა ვაშენოთ და ამას ალტერნატივა არ აქვს.

იმ გზას, რაც წინა საუკუნეში გაიარა ევროპამ, იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ ახლა გავდივართ. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია, საყოველთაოდ აპრობირებული და აღიარებულია, როგორც ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, განახლებადი და მწვანე წყარო.

მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის ყველა ფენას უნდა დავეხმაროთ გააცნობიერონ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, კერძოდ ის, რომ მცირე ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა, პროგრესზე, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე, ქვეყნის სტაბილურობასა და ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უარის თქმის ტოლფასია.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების უდიდესი ნაწილი, სხვადასხვა რეგიონში, იმ ადგილობრივ მოსახლეობას, თემებსა და სოფლებს დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს და ეს თანხა სწორედ მათ განვითარებას მოხმარდეს. ამით ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას გაეწევა სუბსიდირება. სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაზე ინვესტორიც არ დაიხევს უკან. მიგვაჩნია, რომ ამ მიზნით მოსახლეობასთან, თითოეულ ოჯახთან კონსტრუქციული დიალოგი და მჭიდრო კომუნიკაციაა საჭირო - ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ვფიქრობთ, არც მოსახლეობა იტყვის უარს მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკეთ შენებაზე, მაღალი სტანდარტების დაწესებასა და გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებაზე აქტიურად ვმუშაობთ და მივესალმებით ყველა კონსტრუქციულ წინადადებას. ამ პროცესში მოსახლეობის, მთელი საზოგადოების თანადგომისა და მედიის მიუკერძოებლობის იმედი გვაქვს“, - ნათქვამია ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების განცხადებაში, რომელსაც ხელს 21 ორგანიზაციის ხელმძღვანელები აწერენ.

შეგახსენებთ, რომ ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია კანონპროექტის დაწერას გეგმავს.