მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკოსი: დეველოპერსა და მოსახლეობას შორის უნდობლობა არსებობს

5cbdb9db51a65
ლიკა გურაბანიძე
22.04.19 17:40
592
„სანამ რამეს დავიწყებთ, როგორც ჩანს, აუცილებელია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი განწყობის დონის დადგენა, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „საქმის კურსთან“ განაცხადა.

როგორც ენერგეტიკოსმა აღნიშნა, აუცილებელია, წინასწარ კვლევების ჩატარება.

„კვლევების მიხედვით, უნდა გავიგოთ მოსახლეობის განწყობა და ამის შემდეგ, აქედან გამომდინარე, ვიმოქმედოთ. დასამალი არ არის, რომ დეველოპერსა და მოსახლეობას შორის უნდობლობა არსებობს. ეს საქართველოში საკმაოდ რთული პროცესია, აქ საუბარი მხოლოდ ენერგეტიკულ ობიექტებზე არ არის“, - განაცხადა არაბიძემ.

ენერგეტიკოსის თქმით, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ საზოგადოებას დეველოპერის გარდა სპეციალურად შექმნილი სამსახურების წარმომადგენლები ესაუბრონ.

„ნებისმიერ პროექტს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი აქვს. თუ გარკვეული პრობლემა შეიქმნება და მოსახლოება ჰიდროელექტროსადგურის ამა თუ იმ პროექტს უნდობლობას გამოუცხადებს, მოდი, ასეთი პროექტები სამ ნაწილად გავყოთ: ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მისი საინჟინრო საკითხი აიღოს, ეკონომიკური ნაწილი - ეკონომისტებმა, გარემოს დაცვის მიმართულება - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. შემდეგ კი, შევჯერდეთ და ჩვენ მივიდეთ მოსახლეობასთან და არა - დეველოპერი, იმიტომ, რომ დეველოპერებს გარკვეული უნდობლობა აქვთ. შევქმნათ პრეცედენტი, რომ არა მარტო მშენებელი ელაპარაკოს არა მარტო მთავრობის წევრები, არამედ საზოგადოებიდან მივიდეთ და ჩვენი სათქმელი ვუთხრათ“, - აღნიშნა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტი - შსს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს.