მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო: 2030 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით, 33%-ით გაიზრდება

5cc057549d6c2
დათო ჯალაღონია
24.04.19 17:00
746
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაერთი კვლევა არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატ საათით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.

ამის შესახებ სამინისტრო იმ განცხადებაში საუბრობს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებს ეხება.

აღნიშნულ მონაცემებს მიმდინარე წლის პროგნოზს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2030 წელს ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით, 33%-ით გაიზრდება, რადგან ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, საერთო ჯამში, 2019 წელს მოხმარება 14 მლრდ 832,1 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწევს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარების უახლეს მაჩვენებლებს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში 1 მლრდ 143 მლნ 69 ათასი კვტ.სთ მოხმარება დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან (1 მლრდ 115 მლნ 711 ათასი კვტ.სთ) შედარებით, 2.5%-ით მეტია.

ამ სტატისტიკის და პროგნოზის გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.

„წლიდან წლამდე არსებულ ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ჭრილში ვხედავთ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალოდ 5%-იან ზრდას, მოცემული ზრდის ტრენდის შენარჩუნებისა და საპროგნოზოდ კიდევ უფრო მეტად გაზრდის შესახებ არაერთი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა თუ დონორი ორგანიზაციების მიერ იქნა ანალიზი და შეფასება წარმოდგენილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ს საშუალო ვადიანი ზრდის პროგნოზი 5%, ხოლო გრძელვადიანი საშუალოდ - 4,5%. შესაბამისი ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის 4,5%-ს გაუტოლდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ „ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატვა არ გააჩნია“.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საერთო ჯამში, 116 მცირე და საშუალო ჰესის პროექტზეა მთავრობასთან მემორანდუმი გაფორმებული. მათგან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე 67 ელექტროსადგურია, თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით, მშენებლობა-ლიცენზირების ეტაპზე - 24 პროექტი, 371 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პაკეტით და მშენებლობის ეტაპზე 25 ჰესი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 624 აშშ მლნ დოლარია. 2019 წლის ბოლომდე კი 11 ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლაა დაგეგმილი.