26.მაისი .2019 16:50

ეიფელის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე "ოაზისის" გაშენება იგეგმება

views 422
უკან

ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე "ოაზისის" გაშენება იგეგმება. ფრანგული გაზეთის Le Parisien-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარიზის მერმა განაცხადა.

ანე ჰიდალგოს ცნობით, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ეიფელის კოშკის გარშემო ავტომოძრაობა აიკრძალება და ზონა მწვანე "სამოთხედ" გადაიქცევა.

"ჩვენ არაორდანალურ ბაღს გავაშენებთ, სადაც ფრინველის ჭიკჭიკი გაგვაბედნიერებს", - დასძინა პარიზის მერმა.

ეიფელის კოშკიდან ტოკადეროს მოედნამდე დაახლოებით, 54 ჰექტარზე ფართო, გამწვანებული, ფეხით მოსიარულეთა ბილიკი გაშენდება, Pont d'Iéna სრულიად გამწვანდება და ავტომობილებისთვის ჩაიკეტება. ეიფელის კოშკის წინ, სანაპიროზე მდებარე საავტომობილო გზა კი, რომელიც 4–ხაზიანია, 2 ზოლამდე შემცირდება.

ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროექტში, ლანდშაფტის არქიტექტორი კატრინ გუსტაფსონია ჩართული, რომელმაც ლონდონის ჰაიდ–პარკში, პრინცესა დიანას სამახსოვრო მემორიალი დააპროექტა.

მასშტაბური გეგმის განსახორციელებლად პარიზის მთავრობა 72 მილიონ ევროს გამოჰყოფს.

ცნობისთვის, საფრანგეთის დედაქალაქს ყოველწლიურად 30 მილიონი ადამიანი სტუმრობს.