მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძველი პროგრამების ახალ სიტუაციაზე მორგების უსუსური მცდელობა", - კობერიძე თურნავას უწყების პასუხზე

5d52be05acc61
შოთა ტყეშელაშვილი
13.08.19 20:30
1207
29 ივლისს დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა. ლევან კობერიძე მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა. “გთხოვთ გაგვაცნოთ მთავრობის მთლიანი ხედვა, ნიშანდობლივად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში,” - ეწერა ლევან კობერიძის კითხვაში. თუმცა, სამინისტროს მიერ დეპუტატის სახელზე გაგზავნილი პასუხი დეპუტატის კითხვისგან აცდენილი იყო, კონკრეტულად კი მას მინისტრის ნაცვლად ინოვაციების სააგენტომ უპასუხა, ხოლო აღნიშნული პასუხი არა - მთავრობის ხედვას, არამედ ერთ-ერთი პროექტის - “ციფრული ნომადების” აღწერა იყო. მას შემდეგ, რაც BMG-იმ ამ საკითხის შესახებ დაწერა, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არასრული სახით იყო გაგზავნილი და დეპუტატს დღეს მის სრულ პასუხს მიაწვდიდნენ.

სამინისტრომ ლევან კობერიძეს წერილობითი პასუხი გაუგზავნა, თუმცა დეპუტატის აზრით, ეს პასუხი ანტიკრიზისულ გეგმას არ წარმოადგენს. BMG-სთან საუბარში კობერიძე ამბობს, რომ „ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე"

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ლევან კობერიძეს

ბატონო ლევან,

თქვენი მიმდინარე წლის 29/07/2019, #8565/3-48/19 წერილის პასუხად გიგზავნით ინფორმაციას ტურიზმის და მასპინძლობის ბიზნესის მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების შესახებ. 

არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მთავრობის ხედვა გულისხმობს ერთი მხრივ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის აქტიურ პოპულარიზაციას და ამ გზით სხვადასხვა მიზნობრივი ბაზრებიდან ვიზიტორების ზრდის ხელშეწყობას, ხოლო მეორეს მხრივ კერძო სექტორის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი, ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას და ახალი პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებას.

კერძო სექტორის მხარდაჭერის, მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების და ტექნიკური დახმარების მიზნით ხორციელდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები და ასევე მიმდინარეობს ახალი მექანიზმების დანერგვა:

  • საკრედიტო საგარანტიო სქემა წარმოადგენს კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ მექანიზმს. მიმდინარე წლის 25 ივლისს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ და 12 კომერციულ ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ განხორციელების თაობაზე, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. სქემის ფარგლებში, გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 2,000,000 (ორ მილიონ) ლარს. გარანტია გაიცემა სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70 პროცენტის ოდენობით. პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა.

  • სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი (უმასპინძლე საქართველოში) ხელს უწყობს რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღებისათვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ფიქსირებული 10 პროცენტის ოდენობით. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერის კომპონენტი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის წლიური 300 000 ლარის ანაზღაურებას 2 წლის განმავლობაში.

  • მცირე მეწარმეების ხელშეწყობისათვის საქართველოს მასშტაბით (გარდა ქ. თბილისისა) სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას, სადაც გრანტის მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. პროგრამა ყოველწლიურად ცხადდება და აქვს განაცხადის შემოტანის კონკრეტული ვადები.მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს ახალი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები და პროგრამის გაშვება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. ამასთან, ტურიზმის სექტორში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამატებითი ქულა მიენიჭება ბიზნესებს, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში, მათ შორის: ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, მცირე ზომის მარნები და ა.შ. 

  • ამასთან, სააგენტოში სამინისტროს ინიცირებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულების განვითარებაზე, რაც გულისხმობს მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერას /სუბსიდირებას. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ფინანსურ მექანიზმებთან დაკავშირებით დეტალების დაზუსტება, რომლის ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამკლავებისა და ტურიზმის შემდგომი განვითარების მიზნითმიმდინარე წელს დაგეგმილ ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლება, ტურისტული პროდუქტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და რაც მთავარია, კერძო სექტორისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების და ღონისძიებების, მათ შორის ახალი მექანიზმების განვითარება და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების საპასუხოდ შესაბამისი ღონისძიებების, მხარდაჭერის მექანიზმების და პროექტების განხორციელება.

საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის მიზნით, მარკეტინგულ მიზნობრივ ბაზრებზე დაგეგმილია სატელევიზიო და ინტერნეტ კამპანიების, პრეს და გაცნობითი ტურების და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტული მომსახურების პროვაიდერებთან თანამშრომლობით.

ამასთან, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული გამოწვევების გამკლავების და ადეკვატური რეაგირების მიზნით მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მოიცავს შემდეგს: 

  • განისაზღვრა დამატებითი სამიზნე ქვეყნები (უკრაინა, ბალტიის პირეთის ქვეყნები, ისრაელი, ყაზახეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ა.შ) რომელთანაც გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა,არსებობს ქვეყნის შესახებ გარკვეული ცნობადობა და შესაბამისად, მოხდება აღნიშნულ ბაზრებზე სტიმულირების ღონისძიებების გააქტიურება. გარდა ამისა, აღნიშნულ ქვეყნებში შეინიშნება მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და სპონტანურად დაგეგმის ტენდენცია, რაც დაეხმარება ქვეყანას მოკლე ვადაში გაზარდოს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა.

  • USAID-ის ჩართულობით, მიმდინარეობს ციფრული მედია კამპანიების დაგეგმვა და მიზნობრივი ბაზრების იდენტიფიცირება.

  • დაიგეგმა ინტეგრირებული (ციფრული მედია-კამპანიები, პრეზენტაციები) მარკეტინგული კამპანიები შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ქუვეითი. 

  • ავიაკომპანიებთან ერთად დაიგეგმა როუდშოუები: ისრაელში, უზბეკეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ქუვეითში.

  • დამატებით დაიგეგმა 200-მდე ჟურნალისტის/ბლოგერის ჩამოყვანა პრეს და გაცნობით ტურებზე სხვადასხვა მიზნობრივი ბაზრიდან, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უკრაინა. 

  • კერძო სექტორის ხელშეწყობისათვის დაიგეგმა და განხორციელდა ახალი თემატიკის ტრეინინგები განთავსების ობიექტების თანამშრომლებისათვის, კვების ობიექტების თანამშრომლებისათვის,სამთო გამყოლებისათვის და გიდებისათვის ახალი ტურისტული ბაზრების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით.

პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი ფრენების რაოდენობის გაზრდისმიმართულებით. ავიაკომპანია „ვიზ ეართან“ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 12 ახალი რეგულარული მიმართულება ემატება. აღსანიშნავია, რომ რეგულარული ავიარეისები განხორციელდება სკანდინავიის ქვეყნებში, რომელთანაც რეგულარული ავია რეისები აქამდე არ ხორციელდებოდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავიაკომპანია „რაინ ეართან“, რომლის შემოსვლაც საქართველოს ავია ბაზარზე უზრუნველყოფს ახალი პირდაპირი ფრენების და შესაბამისად ახალი ტურისტული ნაკადების შემოდინებას.

ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენი შეკითხვა შემდგომი რეაგირების მიზნით ასევე გადაეგზავნა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოგაწვდიან შესაბამის ინფორმაციას.

აღნიშნული საპასუხო წერილის შეფასება bm.ge-მ მთავარ ადრესატსაც სთხოვა. 

„ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს არის ძველი პროგრამების ახალ სიტუაციაზე (ტურისტულ სექტორში) მორგების უსუსური მცდელობა და არაფერი კონკრეტული იმ გამოწვევაზე, რის წინაშეც ვართ. კონკრეტული მხოლოდ ისაა, რომ ფრენების სუბსიდირებაზე, ფაქტობრივად, „აირზენასთვის“ გამოყვეს 1,2 მილიონი ევრო. ეს არის კრიზისული მენეჯმენტის არცოდნა; ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით თუ კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას არ წარმოგვიდგენენ შემდგომ პასუხებში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამასთან, დეპუტატი ფიქრობს, რომ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, მის მიერ ნათია თურნავასთვის მიწერილ კითხვებზე პასუხი ეკონომიკის სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ მოამზადა, რაც bm.ge-იმ უწყებიდან პარლამენტარისთვის  გაგზავნილი პირველი პასუხი გაასაჯაროა.

„ვაფასებ იმას, რომ მინისტრი ცდილობს ოპერატიული იყოს კომუნიკაციის მიმართულებით და ამის დასტურია დღეს გამოგზავნილი პასუხი, უფრო სწორედ დამატება, მაგრამ უმთავრესი მაინც შინაარსი და კონკრეტიკაა, რაც ამ პასუხშიც არ ჩანს. ვთავაზობ, ქალბატონ ნათია თურნავას, პარლამენტში სამუშაო ფორმატში ხვალვე მობრძანდეს, თუ ეს მისთვისაც უფრო მოსახერხებელია, ვიდრე - წერილობითი პასუხი“, - აცხადებს დეპუტატი.