მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

5d35cfa9c2488
თათია ჩაფიჩაძე
22.07.19 20:05
1427
დიღმის ჭალებში ახალი საქალაქო პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პარკის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა, რომელიც ხვალ დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 14 864 406 ლარია.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ასევე იგეგმება მდინარე მტკვრის სანაპიროს გახსნა და ეკო ხიდის მოწყობაც. რაც შეეხება დენდროლოგიას, პარკის ტერიტორიაზე ჯამში, 752 ახალი მცენარე დაემატება.

„პროექტირების ეტაპი გარკვეულწილად გაიწელა, რადგანაც ამ ფართობის პარკის მოწყობა, საუბარია, 15ჰა-ზე, დიდი ხანია არ მომხდარა. შესაბამისად იმ კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ მის პროექტირებაზე, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ სამუშაოების შესასრულებლად. რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს, ხვალ ველოდებით, რომ გამარჯვებული კომპანია გვეყოლება და თუ დაგეგმილი ვადებით წავიდა სამუშაოები, აგვისტოს დასაწყისიდან დავიწყებთ, რომელიც 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ პარკში ყველა ასაკის ადამიანის ინტერესი იქნება გათვალისწინებული და იქნება გამორჩეული იმით, რომ მდინარესთან შეხების შესაძლებლობას მოგვცემს. ხელუხლებლად ვტოვებთ არსებულ კუნძულს და ბიომრავალფეროვნებას, რაც მას უფრო მიმზიდველს გახდის", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თვის ბოლოდან დაიწყება თემქის ხევში არსებული პარკის მოწყობისთვის საპროექტო სამუშაოებიც.

„რაც შეეხება თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკს, აქ დაგვჭირდა გარკვეული კვლევები საიმისოდ, რომ დაგვედგინა, იყო თუ არა შესაძლებელი პარკის გაშენება, რამდენად იქნებოდა უსაფრთხო და ა.შ. მას შემდეგ, რაც შესაბამისმა დარგის სპეციალისტებმა მოგვცეს ნებართვა, რომ 23 ჰა ფართობისთვის მიგვეცა ბუნებრივი სივრცის ფორმა, გამოვაცხადეთ კონკურსი და გვყავს გამარჯვებული.

თვის ბოლოსთვის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია დაიწყებს პროექტირების სამუშაოებს, რაც წლის ბოლომდე დასრულდება და მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია, რომ დაიწყოს უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები",  - განცხადა გიგაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მომდევნო კვირაში იგეგმება გლდანის მე-6 მ/რ-ში არსებული სკვერის გახსნაც.