მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი პანკისის მოვლენებს აფასებს: მოსახლეობასთან მთავრობის მუშაობა საკმარისი არაა

5cbd7c73a2b87
ლევან თაღიაშვილი
22.04.19 13:00
1054
საქართველოს პარლამენტის და „ქართული ოცნების“ წევრ რევაზ არველაძის განცხადებით, ჰესების აშენებასთან დაკავშირებით, მთავრობის მხრიდან განმარტებითი სამუშაოების ჩატარება, საკმარისი არ არის.


მისივე თქმით, 1 კვირის წინ პანკისში თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

“მთავრობის მხრიდან საკმარისი არ არის ის განმარტებითი მუშაობა, რომელსაც ის ატარებს მოსახლეობასთან, ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც გუშინდელი შემთხვევა რომ ავიღოთ. როგორც თქვეს, 1 წელია მოსახლეობასთან მუშაობა მიდის და ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, რომელიც წინა კვირას შედგა მოსახლეობასა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს შორის, თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, როგორც გამოჩნდა, ეს ასე არაა. გამოდის, რომ ამ მიმართულებით საკმარისი არაა მუშაობა", - განაცხადა bm.ge-თან პარლამენტარმა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი განმარტება და შეხვედრა იქნება მოსახლეობასთან, ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ელექტროსადგურების მშენებლობის, უფრო გააქტიურდებიან.


არველაძე ამბობს, რომ მოსახლეობა არ უნდა იყოს ისეთი ობიექტების აშენების წინააღმდეგი, რომელსაც ქვეყნისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე - ზიანი.


დეპუტატის აზრით, თუ მოსახლეობა არ შეეწინააღმდეგება, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს 1-2 გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა და შემდეგ უკვე დადგება დღის წესრიგში დადგება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის აუცილებლობაც.


შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები - შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს. 

ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს.  ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდეს. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.