მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი-ლარის კურსზე: "ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული"

5ce565de91479
ლიკა გურაბანიძე
22.05.19 23:20
922
„ჩვენთან იმდენად მყიფე ეკონომიკური სიტუაციაა, რომ ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული,“ - ამის შესახებ BM.GE-ისთან „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის კურსის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, საგარეო ფაქტორები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, ყოველთვის არსებობს, მაგრამ საგარეო ფაქტორების გავლენა იმ შემთხვევაში მცირდება, თუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მაღალია.

„როცა გარეთ კარგი სიტუაციაა, ტალღა მაღლა ადის და მას ნაფოტი მიჰყვება, ცუდი სიტუაცია თუ არის - დაბლა მიჰყვება. ამ საკითხზე მთავრობასთან მაქვს კითხვა - თუ ასე გადაგდებული ნაფოტივით ვართ, მთავრობა რაღაში გვჭირდება?! შესაბამისად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ როდესაც გარემო პირობები ხელსაყრელი არ არის, რისკები წინასწარ დაზღვეული იყოს და ამას ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე ვერ გრძნობდნენ,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი აღნიშნავს, მთავრობის მიერ ლარის გაუფასურების თურქული ლირის ფაქტორით ახსნა, მყარი არგუმენტი არ არის.

„მთავრობამ როგორც არ უნდა იმართლოს თავი, რომ თურქულ ლირას უჭირს და ამის გამო ჩვენც გაგვიჭირდა, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ახსნა არ არის, იმიტომ რომ უკვე 6 წელია ასეთ რყევებს ვუყურებთ. ასეთ დროს, ნებისმიერი ნორმალური მთავრობა გამოსავალზე იფიქრებდა. გამოსავალი არის მარტივი - დერეგულაცია და გადასახადების შემცირება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, 22 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა და 2.7756 ლარი შეადგინა. ოფიციალური კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7676 ლარი იყო.