მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემნა დევდარიანი: საპენსიო რეფორმამ, შესაძლოა არაფორმალურ დასაქმებას შეუწყოს ხელი

56a62bace61e6
BM.GE
25.01.16 18:03
2881
რამდენად მზად არის საქართველოს შრომის ბაზარი საპენსიო რეფორმისთვის და რა რისკებს შეიცავს ის, - "ბიზნესკონტაქტთან" IDFI-ის ანალიტიკოსი, დემნა დევდარიანი საუბრობს.
 
- ბატონო დემნა, თქვენი დამოკიდებულება როგორია, უნდა შეიცვალოს თუ არა დღეს არსებული სისტემა, დგას თუ არა ამის საჭიროება?

- ამ ეტაპისთვის საქართველოს შრომის ბაზარი, ეკონომიკა, ფინანსური მდგომარეობა, პოლიტიკური ლანდშაფტი მზად არ არის, რომ ამ რეფორმას წარმატებით დახვდეს. თუმცა რეფორმის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას იმ პარამეტრებით და იმ მოდელით, რომელსაც გვთავაზობენ, რომ 2017 წლიდან უნდა განხორციელდეს რეფორმა, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური იქნება იგივე კაპიტალის ბაზარი, იგივე მზაობა მოსახლეობის მხრიდან, რომ შექმნან ღირებული და ხელშესახები საპენსიო დანაზოგები. ამას ფაქტობრივად ვერ შეძლებენ, რადგან დღევანდელი ეკონომიკური სურათის გათვალისწინებით, მოსახლეობას დოვლათის გადანაწილების პრობლემა არ აქვს იმდენად, რამდნედაც გადასანიწებელი დოვლათი არ არსებობს. ჩვენ არ ვართ სინგაპურის მსგავსი ქვეყანა, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი გვქონდეს.

არსებობს გათვლა, რომ 6 პროცენტის გადარიცხვა და მიმართვა მოხდება საპენსიო ფონდში, რომელთანაც თანამონაწილეობა თანაბრად გაიყოფა. 2 პროცენტი იქნება სახელმწიფოსთვის, 2 პროცენტი დამსაქმებლისთვის და 2 პროცენტი დასაქმებული პირისთვის. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ სისტემა ნახევრად სავალდებულოა.

- რეფორმის სავალდებულო ხასიათი არის მხოლოდ დამსაქმებლის არჩევანი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ბიზსნესზე ფინანსურ წნეხს წარმოშობს?

- რა თქმა უნდა, წნეხი თავისთავად იქნება და საკმაოდ დიდი კერძო სექტორზე, ბიზნესზე, რადგანაც ეს შეიძლება იყოს უარყოფითი კატალიზატორის ერთგვარი მატარებელი. ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს არაფორმალურ დასაქმებას, ან პირიქით დასაქმებულის უფლებების შეზღუდვამდე მიგვიყვანოს. ვგულისხმობ იმ გარემოებას, როდესაც სისტემის ჩართვის შემთხვევაში თავისთავად მოხდება ისე, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ არ ჩართონ დასაქმებული პირები და საბოლოო ჯამში მათი უფლებების შეზღუდვამდე მივალთ.

- რეალურად აქ ჩნდება თუ არა რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არაფორმალური დასაქმების დონე გაიზრდება?

- არის ეს რისკი და საკმაოდ მაღალი, ისევე, როგორც სხვა რისკები. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ტიპის რეფორმა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს რომელიც თავისთავად ფართომასშტაბიანია გარკვეული რისკებით ხასიათდება. თუმცა, რამდენად ჯეროვნად ხდება ამ რისკების პრაქტიკულად შეფასება და გათვალისწინება ეს უკვე სახვა საკითხია.

- ერთი წლის განმავლობაში რა უნდა მოხდეს რომ კაპიტალის ბაზარი ამ რეფორმის მოთხოვნას დაეწიოს?

- დღევანდელი სურათით, კაპიტალის ბაზარი ჩანასახობრივ მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს, რომ საპენსიო სისტემის რეფორმას უნდა დახვდეს აპრიორი უკვე განვითარებული კაპიტალის ბაზარი, რომ შესაბამისად ადეკვატურად მოხდეს აკუმულირებული თანხების საბანკო დეპოზიტებზე განთავსება, თუ სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა. როგორც ვხედავთ, სურათი ფაქტობრივად არ იცვლება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ საპენსიო სამსახური, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია იმ მიმართიულებით მუშაობს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება პარალელურ რეჟიმში მოხდეს. ამისთვის ერთი წელი საკმარისი არ იქნება. ვფიქრობ, ეს არ იქნება ადეკვატური პერიოდი ამ ინსტრუმენტების დახვეწისთვის, თანხების ჯეროვნად ასახვისთვის და დეპოზიტებზე განთავსებისათვის.