მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცვის პოლიცია კერძო დაცვით კომპანიებს ვეღარ შეამოწმებს-ახალი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

5d2c9fe34b9a8
ელენე გოგბერაშვილი
16.07.19 09:50
1335
კერძო დაცვითი კომპანიების სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 14 დეკემბერს მიიღებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვითი საქმიანობის კონტროლი და ამავე ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც დეპარტამენტი იღებს ინფორმაციას მის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფოს 2019 წლის 30 ივნისისთვის დაცვის ბაზრის ახალი მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება დაავალა.

შსს-მ პარლამენტში ახალი კანონპროექტი 5 ივნისს დაარეგისტრირა.

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის გარდა, ცვლილებები კიდევ 8 კანონში შედის.

მთავარი ცვლილება არის ის, რომ დაცვის პოლიციას კერძო დაცვის მომსახურების კონტროლის უფლება აღარ ექნება და მარეგულირებლის ფუნქცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“-ს გადაეცემა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღების შედეგად, სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. აღნიშნული ცენტრი გარდა ბაზრის კონტროლისა, სამინისტროს ნაცვლად კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასაც უზრუნველყოფს.

„კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2019-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. პროექტის დაფინანსება მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ასევე სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საკუთარი შემოსავლებით.

დღეის მდგომარეობით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის საშტატო რიცხოვნებას შეადგენს 23 ერთეულს (წლიური - 649 368,0 ლარი). „112“-ის საშტატო რიცხოვნება შეადგენს 303 ერთეულს (წლიური - 5 146 000,0 ლარი). აღნიშნული პირები სრულად გადავლენ ახლად შექმნილ სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112“-ში“-წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც კანონპროექტის ავტორ უწყებაში, შსს-ში აცხადებენ, ცვლილებები დებულების დონეზე უკვე მიღებულია და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილოება არ მიუღია კერძო დაცვით კომპანიებს . როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე „გიგანტის“ ხელმძღვანელი bm.ge-თან აცხადებს, მათ არავინ დაკავშირებიათ და შსს-ს მხრიდან ახალი მარეგულირებელი დოკუმენტის პარლამენტში წარდგენის შესახებაც არ ფლობდნენ ინფორმაციას.