მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: სამწუხაროდ, დიდი პროგრესი არ ჩანს

5d36cc0839d38
სალომე მეცხვარიშვილი
23.07.19 13:00
4853

საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ბანკებთან გვქონდა მოლაპარაკებები და ჯერჯერობით სამწუხაროდ, დიდი პროგრესი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან არ ჩანს,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მუდმივ რეჟიმში ვართ როგორც საფინანსო ინსტიტუტებტან, ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ჩვენ დავეთანხმეთ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას, რომელიც დაყენებული იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა.

ამ ეტაპზე უშუალოდ კონსორციუმმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ იმ მექანიზმებზე, რომელიც ბანკებს მისცემს საშუალებას, რომ ასესხონ თანხა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს",-აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, მთავრობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების თარიღი წლის ბოლომდე აქვს გადავადებული.

"გარდა ამისა არის ეტაპობრივი თარიღები, გარკვეული ვადები, მაგალითად 15 აგვისტოსთვის ველოდებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და სამშენებლო კომპანიას შორის შეთანხმების პროექტს, 15 ოქტომბრისთვის ველოდებით უკვე წინასწარ პირობებს ბანკებიდან და საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან და იმედი გვაქვს, ეს პროცესი წარიმართება. თუმცა, მინდა გამოვთქვა ერთვგარი სიფრთხილე...

სიფრთხილითაც უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგან საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ბანკებთან გვქონდა მოლაპარაკებები და ჯერჯერობით სამწუხაროდ, დიდი პროგრესი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან, არ ჩანს",-აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფო საკუთარ თავზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კომერციული რისკების დაზღვევას არ აიღებს. მინისტრის თქმით, ინვესტორმა და ბანკებმა უნდა იპოვონ შესაბამისი მექანიზმები, რათა რისკების დაზღვევა სახელმწიფოს ჩართვის გარეშე მოხდეს.

ცქიტიშვილის თქმით, მოლაპარაკება გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს მექანიზმები არ იქნება მოპოვებული. “იქნება მოლაპარაკებების მესამე, მეოთხე და სხვა რაუნდები”- ამბობდა ცქიტიშვილი.

მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა. დრო კონსორციუმსს 15 ივნისს ამოეწურა.