მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას"

5cc0943214894
თელარა გელანტია
24.04.19 21:10
931
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროექტს, რომელიც ევროკავშირისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით წარიმართება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისათვის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის კუთხით და დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნებრივი კაპიტალი და გავზარდოთ მოსახლეობის კეთილდღეობა მწვანე ზრდის შესაძლებლობების, პოტენციალის რეალიზაციით და ეკონომიკური განვითარების მექანიზმების დანერგვით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პროექტის „EU4ENVIRONMENT - საქართველო" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის" მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა) დახმარების აღმოჩენას მათი ბუნებრივი რესურსებისა და ხალხის გარემოს კეთილდღეობის დაცვის გზით.

პროექტი 2019-2022 წლებში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ევროა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გარემოს დაცვასთან, რადგან ეს ურთიერთკავშირი ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას. ამ მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მწვანე ბიზნესის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება" - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ამავდროულად, ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილება წარმოადგენს.

„შესაბამისად, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში საჭიროა ახალი ტიპის - გარემოს დაცვაზე და მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რესურსებისა და ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, სუფთა ტრანსპორტის, ორგანული სოფლის მეურნეობის გზით. ახალი სექტორებისა და ბიზნესმოდელების ხელშეწყობა უნდა გახდეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის, კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ახალ ბაზრებზე წვდომის მნიშვნელოვანი სტიმული" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.