მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

5d35debc9a85d
დავით ჯალაღონია
22.07.19 22:00
8612
2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლების მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისთვის 109 მლნ 914 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც საანგარიშო პერიოდის გეგმაზე (111 მლნ 835 ათასი ლარი) 1 მლნ 921 ათასი ლარით ნაკლებია.

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია მოცემული, აღნიშნული მაგისტრალის ფარგლებში, 2019 წლის იანვარ-მაისში გზის 13 მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია განხორციელდა.

აღსანიშმავია, რომ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ვდებმა არაერთხელ გადაიწია და ბოლო ინფორმაციით, მისი დასრულება 2024 წელს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს პარლამენტში ვიზიტისას ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს სწორედ ამ პროექტის განხორციელების დაბალი ტემპების გამო უსაყვედურეს.

"დიახ, 2016 წელს პრემიერმა თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებოდა 800 კმ გზის დაგება, მაგრამ ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა?", - ასე უპასუხა 16 ივნისს, პარლამენტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის კითხვას, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ასეთი პირობა დადო.

"800 კილომეტრი გზა რომ უნდა ყოფილიყო 2020 წლამდე, მაგ შემთხვევაში, სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო 2017, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტები. როდესაც 2019 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, იქ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ 2020 წელს ეს პროექტები ვერ დასრულდება. მოვიტანეთ კონკრეტული გრაფიკი, როდის შეიძლება პროექტების დასრულება.

2018 წელს ხელშეკრულება გაფორმდა თუნდაც რიკოთის ორ ნაწილზე, ორ ნაწილზე წელს უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ოთხწლიანი პროექტი მინიმუმ არის თითოეული მათგანი, ანუ ყველა პროექტის დაწყებიდან ოთხი წელი მინიმუმ დასჭირდება, რომ დასრულდეს", – განაცხადა კაკაურიძემ, რასაც დეპუტატ სერგი კაპანაძის რეპლიკა მოჰყვა.

"მაგას არ ამბობდით 2016 წელს, რომ 4 წელი დასჭირდება და 2020 წელს დამთავრდებაო?", – აღნიშნა კაპანაძემ, რაც თავის მხრივ, გიორგი კაკაურიძემ დაადასტურა.

"2016 წელს საერთოდ არაფერი არსებობდა, პროექტი არ არსებობდა. დიახ, პრემიერმა მაშინ თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებაო. ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა?", – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: 2019 წლის განმავლობაში ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 810 მლნ ლარია გამოყოფილი.